რომან გოცირიძე - ლევან ყიფიანის განცხადება არის ბოდვა,  გამოგონილი ლეგენდა, რომელიც ხელისუფლებასთან ერთად შეთხზა -  ეს არის ხალხის აბუჩად აგდება

არამხოლოდ პოლიტიკოსისადმი სანდოობის ხარისხი, არამედ ელემენტარულად ღირსებისა და ადამიანობის სანდოობის ხარისხის დამდგენი ტესტია - სჯერა თუ არა ყიფიანის მიერ გახმოვანებული რაღაც სისულელე და ვინც ამაზე იტყვის, რომ სჯერა, ის არის ივანიშვილის მონა, - ასე აფასებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის გუშინდელ განცხადებებს.

გოცირიძის შეფასებით, ლევან ყიფიანის განცხადება ბოდვაა.

„ლევან ყიფიანის განცხადება შეიძლება ერთადერთი სიტყვით შევაფასოთ - ეს არის ბოდვა, ვერსია, გამოგონილი ლეგენდა, რომელიც შეთხზა ხელისუფლებასთან ერთად, ამის გახმოვანება აკადრეს ქართველ ხალხს და ეს არის უკიდურესად აბუჩად აგდება ჩვენი ხალხის.

არამხოლოდ პოლიტიკოსისადმი სანდოობის ხარისხი, არამედ ელემენტარულად ღირსებისა და ადამიანობის სანდოობის ხარისხის დამდგენი ტესტია - სჯერა თუ არა ყიფიანის მიერ გახმოვანებული რაღაც სისულელე და ვინც ამაზე იტყვი, რომ სჯერა, ის არის ივანიშვილის მონა. გუშინ მე მათ ვუწოდე ივანიშვილის ქაღალდის ჯარისკაცები, არის ბულატ ოკუჯავას ასეთი სიმღერა „ქაღალდის ჯარისკაცი“, რომელიც სულ ბრძოლებში გადაერთვება ხოლმე, ავიწყდება, რომ ქაღალდისაა და ერთ-ერთ ბრძოლაში წავიდა, დაიწვა და ასე მთავრდება, რომ ის წავიდა და ერთი გროშისთვის, ანუ არაფრისთვის არ დამწვარა. ასე ეფარებიან ეს „ქაღალდის ჯარისკაცები“ ივანიშვილს და ისე დაიწვებიან და დაიფერფლებიან, რომ მათ სახელებსა და გვარებს ვერავინ გაიგებს. ამის შემდეგ მე მათ „ქაღალდის ჯარისკაცებს“ ვერ ვუწოდებ, ესენი არიან ფულისთვის მომართული ჯარისკაცები, თუკი ვინმე იტყვის, რომ გუშინდელი ვერსიის მას სჯერა“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ჩანაწერების სინამდვილე გუშინ ლევან ყიფიანმა თავისი განცხადებებით დაადასტურა, რაც თავის მხრივ ადასტურებს, რომ ეს იყო ბიზნესის რეკეტი.

„იმდენი ჩანაწერი იყო, იმდენ სხვადასხვა ვერსიაში, იმდენი ადამიანი მონაწილეობდა, რომ წარმოუდგენელია, ეს სპექტაკლი დადგა და ეს გრძელდებოდეს საათების განმავლობაში. მან აღიარა, რომ ეს ჩანაწერი არის ნამდვილი და რაც მთავარია, ჩანაწერის ირგვლივ არ უნდა იყოს აქ საუბარი - უნდა იყოს ყველა ჩანაწერი, საბანკო ანგარიშები, ფირმის დარეგისტრირება, ფულის გატანა, ფულის მიტანა ოთარ ფარცხალაძესთან. ყველამ იცის მტკიცებულება, რომელიც ფულის გატანას ეხება და ვერასდროს დაიმალება; ეს არის ბანკიდან გატანილი ფული, რომელსაც ჰყავს თავისი მოწმეები, როგორ დოკუმენტური, ასევე ფიზიკური. ამიტომ ყველა კონტექსტი ერთად აღებული, ჩვენ გვაჩვენებს, რომ ეს იყო ბიზნესის რეკეტი. არ აქვს მნიშვნელობა, მას გადასახადი აქვს გადასახდელი თუ არ აქვს. ის, რომ ოქუაშვილს ბიუჯეტის ვალი აქვს, იმ დანაშაულს ვერ გაამართლებს, რაც ამ ადამიანთა ჯგუფმა ჩაიდინა. ბიუჯეტის ვალის ამოღებას თავისი წესი და კანონი აქვს და ამის გამო ბიზნესმენის დამუნათება, თუ რატომ არ იხდის, ამ დანაშაულის სინდიკატის არსებობას არ ამართლებს. რამდენი ახალი ლეგენდაც შეითხზვება, იმდენად მრავლდება დამნაშავეთა რიცხვი, ვიღაცასთან ერთად გაიარეს, ხელისუფლებასთან ერთად შეათანხმეს და იმ ადამიანებთან ერთად გაავრცელეს. ორი დღე ფიქრობდნენ, ეს იმ „აფერისტი“ ადვოკატის მოგონილი კი არ არის, რომელიც ლევან ყიფიანს ჰყავს, ეს არის შეთანხმებული ვერსია. როდესაც ყიფიანი იტყვის, რომ ეს ვერსია ამა და ამ ოთახში დაიწერა ამა და ამ ადამიანების ნებართვითო, მაშინ ჩვენ დავინახავთ, რომ ეს ჯგუფი იყო დამნაშავე და ამ ადამიანთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. ყოველი მსგავსი იდიოტობის თავსმოხვევა საზოგადოებისთვის ზრდის დანაშაულს და დამნაშავეთა რიცხვს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისთვის, სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ზაზა ოქუაშვილმა შესთავაზა აუდიოჩანაწერების გაკეთება, ვითომდა მიმდინარეობდა ზეწოლა, რათა ეს ჩანაწერები უცხოელი პარტნიორების დასარწმუნებლად გამოეყენებინა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები წინასწარი სცენარით მიდიოდა, მედიაში რაც გავიდა, ის მაინც მონტაჟია.

როგორც ყიფიანმა აღნიშნა, ზაზა ოქუაშვილს დავალიანება ჰქონდა უცხოელ პარტნიორებთან და ამ გზით ცდილობდა ის ვალდებულებების შესრულების გადავადებას.

გარდა ამისა, ყიფიანმა კატეგორიულად უარყო ოქუაშვილის ინფორმაცია ე.წ. სარდაფის ინცინდენტთან დაკავშირებით და მას სრულ სიყალბეს და სამარცხვინო სიცრუეს უწოდებს.

ლევან ყიფიანი ზაზა ოქაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის გარდა, გეგმავს პროკურატურასაც მიმართოს და ოქუაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოსთხოვოს.

თამარ ჩუგოშვილი - მე მგონი, ადამიანი არ დადის, ვისაც სჯერა, რომ უცებ მოხდა ამბოხი უმრავლესობაში - თვალში ნაცარი არავის უნდა შევაყაროთ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.12.2019
ვახტანგ ძაბირაძე  -  თუ სახელმწიფოს მართვის სისტემის შეცვლა გინდა, იმ გზას კი არ უნდა გადიოდე, რომელიც შენმა წინამორბედმა გაიარა
კომპანია „ფრეგოს“ მთავარი ინვესტორი განცხადებას ავრცელებს
„კავკასუს როუდ პროჯექტმა“ ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია BDO-სთან პარტნიორობით განახორციელა
"Sarajishvili 2020" - უნიკალური გემოსა და დიზაინის მქონე სასმელი ამაღლებული საახალწლო განწყობისთვის
საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა