400 წლის შემდეგ აღდგენილ მესხურ ტერასებზე პირველი რთველი გაიმართა

კომპანია „ვარძიის ტერასებმა“ ვაზის აღდგენილი უიშვიათესი ისტორიული ჯიშების პირველი მოსავალი აიღო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, რთველში კლასიკური ავტომობილების რალის „Peaks of Caucasus”-ის პილოტები, ადგილობრივი მოსახლეობა და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

„მესხეთი საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ქართული მეღვინეობის ერთ-ერთ აკვნად მიიჩნევა. აქ საუკუნეების წინ მევენახეობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული, რასაც ნასახლარებთან შემორჩენილი საუკუნოვანი ვაზის ჯიშები და ქვაში გამოკვეთილი უნიკალური საწნახელებიც მოწმობს. მე-16 საუკუნის ბოლოს მესხურ ტერასებზე უკანასკნელი რთველი შედგა, რის შემდგომაც ისტორიულად ცნობილი სირთულეების გამო მესხური ვაზის უძველესი ჯიშები თითქმის მთლიანად განადგურდა“, – აცხადებენ რთველის ორგანიზატორები.

მათივე ინფორმაციით, 2015 წელს, ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მესხური ვაზის ჯიშების კოლექციონერის გიორგი ნათენაძის ერთობლივი ძალისხმევით სოფელ ხიზაბავრაში მე-12 საუკუნის თამარ მეფის დროინდელი ტერასები აღდგა.

ასევე, დიდი ძალისხმევის შედეგად, ამჟამად, აღდგენილია ისტორიული ტერასების 12 ჰექტარი, სადაც გაშენდა მესხური ვაზის 24 უიშვიათესი ჯიში. დაგეგმილია კიდევ 11 ჰექტარის გაშენება, სადაც სხვა აღდგენილი ჯიშებიც დაირგვება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მშვიდობაძეა.

პროექტის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლევან უჯმაჯურიძეს და გიორგი ნათენაძეს, რომლებმაც საგურამოს სამეცნიერო კვლევით ცენტრში 20-ზე მეტი მესხური ვაზის ჯიშის იდენტიფიცირება მოახდინეს.

„ვარძიის ტერასებზე“ ახალი სიცოცხლე დაიწყეს ისეთმა უნიკალურმა ჯიშებმა, როგორიცაა: „თამარის ვაზი“, „ჯვარი“, „მესხური მწვანე“, „მესხური ხარისთვალა თეთრი“, „შავი ხარისთვალა“, „მესხური ცხენის ძუძუ თეთრი“, “დანახარული“, „მესხური ჩიტისთვალა თეთრი“, „მესხური ჩიტისკვერცხა“, „ცხენის ძუა შავი“, „კლარჯული“, „ახალციხური თეთრი“, „შავი ასპინძურა კაპნის“ და ა.შ.

„მომავალ წელს, კომპანია გეგმავს აღადგინოს მესხური ტრადიციული არქიტექტურის ოდა და ქართული მეღვინეობის განუყოფელი ნაწილი - საქვევრე მეურნეობა. აქ მოსულ სტუმრებს გაუმასპინძლდებიან უნიკალური მესხური ღვინოებით და კერძებით. აღნიშნული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ღვინის და კულტურული ტურიზმის განვითარებას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, – აცხადებენ ბანკში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა