განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე - მინისტრს  უფლება აქვს ისეთი გუნდით უნდოდეს მუშაობა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს

„მინისტრს უფლება აქვს ისეთი გუნდით უნდოდეს მუშაობა, სადაც ის თავს კომფორტულად გრძნობს,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ თემურ მურღულიამ აღნიშნულ სამინისტროში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა განხორციელებული ცვილებები სამინისტროში არსებულ პრობლემებს უკავშირდებოდეს, მურღულიამ აღნიშნა, რომ ყველა მინისტრი იმიტომ მოდის, რათა იმაზე უკეთესი გააკეთოს, ვიდრე იყო.

„მე მინდა განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმატება ვუსურვო, რადგან ეს სამინისტრო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ყველა მინისტრს აქვს პოლიტიკური და მორალური უფლება იმისა, რომ შეცვალოს მინისტრის მოადგილეები. ეს აბსოლუტურად ლეგიტიმურია, დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ხედავს ის სამინისტროს საქმიანობის განვითარებას.

რაც შეეხება სამინისტროში არსებულ პრობლემებს, ყველა მინისტრი იმიტომ იცვლება, რომ რაღაც იმაზე უკეთესი გააკეთოს, ვიდრე იყო. ხოლო მოადგილეებს რაც შეეხება, განსხვავებით ხელმძღვანელებისგან, ეს არის მინისტრის ექსკლუზიური უფლება მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. რა თქმა უნდა, მინისტრს აქვს უფლება უნდოდეს ისეთი გუნდით მუშაობა, სადაც ის თავს კომფორტულად გრძნობს,“ - განაცხადა თემურ მურღულიამ.

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გიორგი ვაშაკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - ბერიკა შუკაკიძე, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი - სოფო გორგოძე გახდა.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, მის მოადგილედ ინიშნება ნათია ზედგენიძე-ჯიშკარიანი, ხოლო მოქმედი მოადგილე ალექსანდრე თევზაძე მინისტრის მოადგილის მოვალეობას 2018 წლის 31 ოქტომბრამდე შეასრულებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა