საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და დიპლომატიური ელჩების კანდიდატურები წარადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის რესპუბლიკაში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში და ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა.

საგარეო უწყების ცნობით, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქალაქ ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე წარდგენილია დავით დონდუას კანდიდატურა. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თურქეთის რესპუბლიკაში წარდგენილი იქნა გიორგი ჯანჯაღავას, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკის, ხოლო ლატვიის რესპუბლიკაში თეა მაისურაძის კანდიდატურა.

აღნიშნული კანდიდატურების საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე მთავრობის განკარგულებას ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ -მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. 5 ოქტომბერს ელჩების კანდიდატურებს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

დავით დონდუა 2015 წლიდან დღემდე არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. დავით დონდუა ხანგრძლივი დიპლომატიური კარიერის მანძილზე საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში იკავებდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებს, კერძოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი; საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის დირექტორი; სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი და სხვა. 2008–2014 წლებში დავით დონდუა საქმიანობდა საქართველოს პარლამენტში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. მას 2001 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

გიორგი ჯანჯღავა 2014 წლიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე იკავებდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას. ის გახლავთ კარიერული დიპლომატი და 1994 წლიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმოამდგენლობებში მუშაობდა სხვდასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე, მათ შორის გახლდათ ეგვიპტისა და სირიის არაბთა რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირანისა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მას 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

თეა მაისურაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობს 2009 წლიდან. ამ პერიოდის განმალობაში იგი იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის გახლდათ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ეუთოსა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ეუთოს სამმართველოს უფროსი, ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2016 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი. 2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ზაზა კანდელაკი 2013 წლის მარტიდან 2018 წლის 1 ოქტომბრამდე გახლდათ უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. იგი სხვადასხვა პერიოდში საქმიანობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - გახლდათ მინისტრის მოადგილე, იკავებდა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას, ასევე 1991-1992 წლებში მუშაობდა პირველი ევროპული სამმართველოს უფროსად და სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2000 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს