თამარ ჩუგოშვილი - ექსპერტიზის ორი დასკვნა ამყარებს ეჭვს, რომ ოქუაშვილი რაღაც შეხვედრებსა და საუბრებს, რასაც შეიძლება სხვა მიზანი ჰქონდა, გადასახადებისგან თავის არიდებისთვის იყენებს

ის, რომ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ ჩანაწერებზე ორი ექსერტიზის დასკვნა ემთხვევა ერთმანეთს და გავრცელებული ჩანაწერებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, რეალურად რაზე იყო საუბარი, ამყარებს ეჭვებს, რომ ზაზა ოქუაშვილი რაღაც შეხვედრებსა და საუბრებს, რასაც შეიძლება სრულიად სხვა მიზანი ჰქონდა, გადასახადების გადახდისგან თავის არიდებისთვის იყენებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ეჭვს ისიც ამყარებს, რომ ოქუაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.

„დღეს გვაქვს შემდეგი მოცემულობა: არის ორი ექსპერტიზა, აქედან ერთი დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელიც ჩატარებულია დიდ ბრიტანეთში და ასევე, სამხარეულის სახელობის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზა ამბობს, რომ გავრცელებული ჩანაწერები არის დამონტაჟებული, მანიპულირებული და შეუძლებელია რეალობის დადგენა, მათ შორის ზოგიერთ შემთხვევაში ხმების იდენტიფიცირება და არ არის ავთენტური. ასეთია მოცემულობა. ამავე დროს, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ზაზა ოქუაშვილი, რომელიც სახელმწიფოს ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებს, უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, ანუ თუ აქვს რაიმე მტკიცებულებები, უარს ამბობს ამ მტკიცებულებების წარმოდგენაზე, ჩვენებების მიცემაზე და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ბუნებრივია, გრძელდება გამოძიება და გამოძიების მიმდინარეობის პროცესში ჩვენ გარკვეულ შედეგებს ვნახავთ“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ თამარ ჩუგოშვილმა.

ჩუგოშვილმა ისიც აღნიშნა, რომ გიორგი გახარია, რომელსაც ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა ეკავა, დახმარების მიზნით ხვდებოდა არა მხოლოდ ზაზა ოქუაშვილს, არამედ სხვა ბიზნესმენებსაც და ეხმარებოდა მათ პრობლემების ლეგიტიმურად მოგვარებაში, რაც ბიზნესომბუდსმენის საქმეა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე გავრცელებული ჩანაწერები ავთენტური არ არის და დამზადებულია მონტაჟის გზით.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა