ირაკლი კობახიძე - ჩვენ ვცდილობთ, ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას

ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარული სესიის გახსნაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასამბლეის მიზანია, საერთაშორისო არენაზე მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში სამი ქვეყნის ინტერესების ერთობლივად დაცვა და პოზიციების უკეთ კოორდინირება.

„მინდა მოგესალმოთ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის საინაუგურაციო სხდომის მონაწილეებს და დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომა სწორედ საქართველოში იმართება. ასამბლეის მიზანია, საერთაშორისო არენაზე სხვადასხვა მრავალმხრივ საპარლამენტო ფორმატში ჩვენი ქვეყნების ინტერესების ერთობლივად დაცვა და ჩვენი პოზიციების უკეთ კოორდინირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მივაღწიოთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ევროკავშირის წევრობის პერსპექტივად გარდაქმნას. ამ მიზნით, ჩვენი ამოცანაა ერთმანეთისთვის დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმების გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო და რეგიონულ გამოწვევებზე საპასუხოდ, ერთობლივი ძალისხმევის მობილიზება. ეს წამოწყება არის მშვიდობაზე, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებული. მზად ვართ, მჭიდრო კავშირები დავამყაროთ ნებისმიერ ქვეყანასა და ორგანიზაციასთან, რომელიც ამავე სულისკვეთებით არის გამსჭვალული და მოწადინებულია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისკენ. აქვე მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს სხვადასხვა საელჩოდან, ორგანიზაციიდან თუ ასამბლეიდან, რომლებმაც მიიღეს ჩვენი მოწვევა და დღეს ამ წამოწყებაში ჩვენს გვერდით დგანან”, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„შავი ზღვის რეგიონს აქვს სტრატეგიული მდებარეობა გეოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ რეგიონის მშვიდობიანი და მდგრადი განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპისა და შესაბამისად, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნების როლს ამ რეგიონში. განვლილი გამოცდილება ასევე აჩვენებს, რომ მზად ვართ, პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს როლს და წვლილი შევიტანოთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაში. ჩვენს ქვეყნებს, სუამ-ის ფარგლებში უკვე გააჩნიათ თანამშრომლობისა და ძალისხმევის კოორდინირების წარმატებული გამოცდილება. ამ ასამბლეაში ეს გამოცდილება ჩვენ დასავლეთისაკენ სვლას და რეფორმების კოორდინირებას უნდა მოვახმაროთ. თუმცა, რასაკვირველია, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ თანამშრომლობას სუამ-ის ფორმატშიც. ამისათვის ჩვენ ვატარებთ ფუნდამენტურ რეფორმებს სოციალურ-ეკონომიკური, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, განათლების, მოქალაქეებზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და გაძლიერების, აგრეთვე სხვა მრავალი მიმართულებით. სხვა ვითარებაში ჩვენი ინდივიდუალური მცდელობები შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო ჩვენი ქვეყნების მოდერნიზებისა და საზოგადოებების დემოკრატიული გარდაქმნისთვის”, - განაცხადა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო