ვლადიმერ პუტინს საქართველო არც ერთხელ არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს, - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "7vs1" განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა შეიცვალა მისი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრების შემდეგ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში, ბურჯანაძემ პასუხად პუტინის განცხადება გაიხსენა, რომელიც მისი თქმით, "ქართულმა არხებმა არ გაუშვეს", ხოლო ხელისუფლებამ არ გამოიყენა.
"ჩემი და მისი ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ პუტინმა პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება, რომელიც ქართულმა არხებმა არც კი გაუშვეს. პუტინს ჰკითხეს, არის თუ არა შანსი, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება უკან წაიღოს. მან ძალიან ნათლად უპასუხა, რომ თუ ქართველები და აფხაზები, ასევე ქართველები და ოსები მოილაპარაკებენ და ერთობლივ ცხოვრებაზე შეთანხმებიან, რა ტიპის სახელმწიფოებრივ მოწყობაშიც გადაწყვეტენ ცხოვრებას, ჩვენ მივიღებთ მათ ამ გადაწყვეტილებას და ხელს არ შევუშლითო", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
"დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ჟურნალისტმა ჰკითხა, სჯერა თუ არა მას პუტინის აღნიშნული განცხადების. "მჯერა, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც ძალიან ღიად და პირდაპირ ლაპარაკობს და სხვათა შორის, არც ერთხელ საქართველო არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს. ამის მოწმე მე ვიყავი და ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმაც გააკეთა. მან გააფრთხილა საქართველო, რომ თუ ისე მოიქცეოდა, როგორც ჩვენ მოვიქეცით, აუცილებლად მოჰყვებოდა ამას ის, რაც მოჰყვა. პოლიტიკოსის ამოცანა ის კი არ არის, რომ მისი ან გვჯეროდეს ან არა, ან მოგწონდეს რომელიმე პოლიტიკოსი ან არა, პოლიტიკოსის ამოცანა არის ის, რომ მან მიაღწიოს მოლაპარაკებებით იმ რეალობას, რაც უნდა დადგეს", - აღნიშნა ბურჯანაძემ ჟურნალისტის პასუხად.
იხილეთ ვიდეო: "პუტინს საქართველო არცერთხელ არ მოუტყუებია, მათ შორის არც 2008 წელს" - ნინო ბურჯანაძე