სერგი კაპანაძე - უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ფინანსებს, რუსულ ფულს

ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რიცხვმა დაიკლო, რაც გამოწვეულია ე.წ. რბილი ძალის, ანუ რუსული დეზინფორმაციის კამპანიით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, სერგი კაპანაძემ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საინაუგურაციო პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მსურველთა რიცხვმა დაახლოებით 10%-ით დაიკლო, რაც გამოწვეულია ე.წ. რბილი ძალის, ანუ რუსული დეზინფორმაციის კამპანიებით. საქართველოს შემთხვევაში ყველა აღიარებს პოლიტიკურ სპექტრში, რომ ეს არის საფრთხე. ეს ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა. მე დარწმუნებული ვარ, რუსეთი ყველა ქვეყანაში იყენებს იმ მეთოდებს, რომლებსაც საქართველოში - ეს არის მედია. ესენია არა რუსული, არამედ ქართულენოვანი არხები, რომლებიც ავრცელებენ ისეთ პოლიტიკას, რაც რუსეთისთვის არის მისაღები. გარდა ამისა, გვყავს პარტიები, რომლებიც რუსეთზე არიან ორიენტირებული. არჩევნებზეც კი გამოიხატება მათი პარტიული მიმართება. რამდენიმე წლის წინ თუკი მათ 1-დან 3%-მდე მხარდაჭერა ჰქონდათ, ახლა ეს ციფრი ორნიშნა გახდა. მათი მხარდაჭერა გაიზარდა და ეს ძალიან შემაშფოთებელია. ეს პრობლემა საქართველოში მოქმედმა ყველა აქტორმა უნდა მიიღოს მხედველობაში“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

დეპუტატი აცხადებს, რომ ის სიტყვის თავისუფლების მომხრეა და არ ეთანხმება იმ ადამიანების პოზიციას, ვინც აღნიშნული მედიასაშუალებების და პარტიების აკრძალვას ითხოვს.

„მე მიმაჩნია, რომ მათაც აქვთ გამოხატვის თავისუფლება. თუმცა, ალბათ, გამოყენებული უნდა იქნას ლეგიტიმური ბერკეტები. უნდა დავუპირისპირდეთ რუსულ ფინანსებს, რუსულ ფულს“, - აღნიშნა კაპანაძემ.

დეპუტატი ასევე ფიქრობს, რომ საქართველოში უნდა ჩატარდეს კონტრპროპაგანდა. უნდა გატარდეს ზომები, რომელიც რუსულ პროპაგანდას დაუპირისპირდება.

დეპუტატმა მაგალითად ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია მოიყვანა, რომელსაც მისი თქმით, საქართველოში ინფორმაციულად არაფერი დაუპირისპირეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა