დავით უსუფაშვილი - „ნაციონალები“ ამბობენ, რომ ამ ქვეყანაში  „ქოცები“ არიან ზედმეტი, „ქოცები“ ამბობენ, რომ „ნაციონალებია“ ზედმეტი, ეს უნდა დავასრულოთ

ვუერთდები ამ წესებს და ვაღიარებ, რომ საარჩევნო ბრძოლა უნდა იყოს კონკურენცია და არა მტრობა წესების გარეშე, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს „პრეზიდენტობის კანდიდატების ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტის პრეზენტაციაზე განუცხადა.

დავით უსუფაშვილმა დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა და აღნიშნა, რომ ისურვებდა ამ დოკუმენტს ყველა შეუერთდეს. დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები ერთმანეთს თავს უნდა ესხმოდნენ იდეებსა და ხედვებზე.

„ეთიკის წესებზე შეთანხმება აუცილებელია მთლიანად საზოგადოებაში. ამიტომ პრეზიდენტობის კანდიდატები თუ მივცემთ ამის მაგალითს ყველას, ვინც საჯარო ცხოვრებაშია ჩართული, კარგი იქნება. ამიტომ როცა მე ამ ინიციატივის შესახებ გავიგე, უყოყმანოდ შევუერთდი, არ დამიწყია იმის გაკითხვა: ვინ უერთდება და ვინ - არა. მე ვუერთდები ამ წესებს და ვაღიარებ, რომ საარჩევნო ბრძოლა უნდა იყოს კონკურენცია და არა მტრობა წესების გარეშე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კანონის გარდა არსებობს მორალი, ზნეობა, ზოგადადამიანური ღირსება, რომლის შელახვა, რომლის დავიწყება არავითარმა პოლიტიკურმა პრობლემებმა და წინააღმდეგობებმა არ უნდა გამოიწვიოს. ვისურვებდი, რომ ყველა გულით და სულით შეუერთდეს ამ დოკუმენტს. მე ვისურვებ, რომ ამ კამპანიისას ყველამ თავი შეიკავოს შეურაცხყოფისგან, პერსონალური თავდასხმებისგან. ჩვენ ერთმანთს თავს დავესხათ იდეებზე, ხედვებზე და ნუ შევურაცხყოფთ ერთმანეთს. ეს არის სწორი გზა უკეთესი ქვეყნისკენ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, დღეს საქართველოში ჩამოყალიბებულია ბანაკები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მეორე ბანაკი უბრალოდ ზედმეტია ამ ქვეყანაში.

„ქართული პოლიტიკური სივრცე უკიდურესად დამახინჯებული და დანაგვიანებულია უზნეო, არაეთიკური დამოკიდებულებებით, გამონათქვამებით, ქმედებებით. დღეს პოლიტიკა ყოფს. საქართველოში ჩამოყალიბებულია ბანაკები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მეორე ბანაკი უბრალოდ ზედმეტია ამ ქვეყანაში. დღეს „ნაციონალები“ პრაქტიკულად ამბობენ, რომ „ქოცები“ არიან ზედმეტი ამ ქვეყანაში და „ქოცები“ ამბობენ, რომ „ნაციონალები“ არიან ზედმეტი ამ ქვეყანაში. ეს უნდა დავასრულოთ როგორმე. საქართველო „ოცნების“ ამომრჩევლის გარეშე აღარ არის საქართველო, „ნაციონალების“ ამომრჩევლის გარეშე აღარ არის საქართველო, პროევროპელების გარეშე აღარ არის საქართველო და არც პრორუსების გარეშეა საქართველო. აი ამ მთელი საქართველოს პრეზიდენტობას ვინც აპირებს, კეთილი უნდა ინებოს და შეინარჩუნოს საკომუნიკაციო ენა ყველასთან - პრინციპული, მაგრამ არა მოწადინებული იმაზე, რომ მხოლოდ საკუთარი ჭეშმარიტება იყოს წინ წამოწეული. ამ ყველაფერს ეთიკის კოდექსი ხელს შეუწყობს, თუ დავიცავთ მას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი