მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელ პირებს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაციისთვის ვადა 2018 წლის 15 ნოემბრამდე ეძლევათ

მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განმახორციელებელმა პირებმა შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში 2018 წლის 15 ნოემბრამდე უნდა განახორციელონ.

ახალი ვადა “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით წესდება, რომელიც პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. ცვლილებების პროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირაკლი ბერაია, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, ანრი ოხანაშვილი.

დღეს მოქმედი კანონით, ყველა პირი, რომელიც ახორციელებს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია, მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში - ე.ი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში - არაუგვიანეს 2018 წლის 28 სექტემბრისა.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, საწარმოთა დიდმა ნაწილმა რეგისტრაციის გავლისათვის იუსტიციის სახლს სწორედ ბოლო დღეს მიმართა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დღე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციის ბოლო დღეს დაემთხვა და იუსტიციის სახლის რესურსი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ რაოდენობის განაცხადების მისაღებად.

“საწარმოთა საქმიანობისთვის ხელშეწყობის მიზნით, წარმოიშვა საჭიროება ამ პირებს მიეცეთ დამატებითი დრო რეგისტრაციისთვის, რაც მათ შეუფერხებლად ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. პროექტის მიზანია, პირებს, რომლებიც ახორციელებენ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, დამატებით მიეცეთ გონივრული ვადა შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, რეგისტრაციის განხორციელებისთვის“, - განმარტავენ პროექტის ავტორები.

მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების განხორციელება ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე იწვევს დაჯარიმებას - 1000 ლარის ოდენობით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს