საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის მიმდინარე და დაგეგმილ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობასა და შვედეთის მთავრობას შორის მიმდინარე და დაგეგმილ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს მთავრობის მხრიდან უძღვებოდა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილი. შეხვედრას ესწრებოდნენ შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში ულრიკ თიდესთრომი, შვედეთის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს უფროსი მოლი ლიენი და საქართველოს მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე მადლობა გადაუხადა შვედეთის ხალხს და მთავრობას იმ თანადგომის, მეგობრობისა და დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოს უწევენ წლების განმავლობაში. მისი თქმით, შვედეთი საქართველოს ყველაზე მეტად იმ სფეროებში უჭერს მხარს, სადაც მას აქვს უპირატესობა გამოცდილების, მოქნილობისა და სანდოობის თვალსაზრისით.

„შვედეთის მიმდინარე დახმარება შეადგენს 162 მილიონ ლარზე მეტს. წელს შვედეთი მეოთხე ადგილზეა ორმხრივ დონორებს შორის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის დახმარება, რომელსაც შვედეთის მთავრობა საჯარო მმართველობის რეფორმას უწევს. აღნიშნული მხარდაჭერა მიზნად ისახავს საქართველოს საჯარო სექტორის განვითარებისა და რეფორმირების ხელშეწყობას ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების გათვალისწინებით”, - განაცხადა კახა კახიშვილმა შეხვედრაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსათვის შვედეთის პარტნიორობა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

შეხვედრაზე საქართველო შვედეთის თანამშრომლობაზე შვედეთის ელჩმა ულრიკ ტიდერქსტორმაც ისაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრაზე საქართველო შვედეთის თანამშრომლობის ფარგლებში განიხილეს: მაკროეკონომიკური სტაბილურობის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების ძირითადი მიღწევები და არსებული გამოწვევები, ასევე გენდერული თანასწორობის და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებები და სიღარიბის დაძლევის, სოციალური ჩართულობის საკითხები.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს