ISFED - 3 კვირაში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების - 1, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 1, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 9 ფაქტი დაფიქსირდა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის თანახმად, 9-დან 30 სექტემბრის პერიოდში პოლიტიკური ნიშნით დაპირისპირების - 1, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის - 1, აგიტაციის წესების დარღვევის - 12, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 9, კამპანიისთვის ხელის შეშლის 8 და სააგიტაციო მასალების დაზიანების 14 ფაქტი დაფიქსირდა. ასევე ანგარიშის თანახმად, დაფიქსირდა პოლიტიკური პარტიის კანონსაწინააღმდეგო ინიციატივა საარჩევნოდ ტოტალიზატორის მოწყობასთან დაკავშირებით.

ISFED-ის ინფორმაციით, არასამთარობო ორგანიზაციამ ცესკოს 17 საჩივრით მიმართა, რომელთა უმრავლესობა საჯარო მოხელეების მიერ უკანონო აგიტაციას შეეხებოდა როგორც სოციალური ქსელებით, ასევე აქტიური ქმედებებით. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშის თანხმად, საჩივრები აგრეთვე დაიწერა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტებზე, სააგიტაციო პროცესში რელიგიური ორგანიზაციის მონაწილეობასა და პოლიტიკური პარტია „გირჩის“ მიერ ტოტალიზატორის მოწყობის ინიციატივაზე.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საჩივრით მიმართა ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რათა მან შეისწავლოს შალვა ნათელაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი ქუთაისში. ამასთან „სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის პირველ სხდომებზე სერიოზული ექსცესები და დარღვევები არ შეინიშნებოდა.

„თუმცა, საგულისხმოა ტენდენცია, რომ ხშირ შემთხვევაში, რომ კომისიის წევრებმა წინასწარ იცოდნენ, თუ ვინ უნდა აერჩიათ თავმჯდომარედ, მოადგილედ და მდივნად. რიგ შემთხვევებში კი თვალშისაცემი იყო საუბნო კომისიის წევრების არაკომპეტენტურობა - ხშირად მათ ნაცვლად დოკუმენტაციას საოლქო კომისიის წარმომადგენლები ავსებდნენ,”- ნათქვამია ანგარიშში.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი