გაერთიანებული ოპოზიცია, ანტიკრიზისული გეგმის შესამუშავებლად, დისკუსიას იწყებს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფართო საზოგადოებრივ დისკუსიას იწყებს ქვეყნის ანტიკრიზისული გეგმის შესამუშავებლად, რათა შეიქმნას წარმატების ქართული მოდელი, - აღნიშნული ინიციატივის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ვაშაძემ აღნიშნულ პროცესში ჩართვისკენ სამოქალაქო სექტორსაც მოუწოდა.

„გამოვდივართ ინიციატივით დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი მსჯელობა ახალი თაობის რეფორმებთან დაკავშირებით. ხვალ ჩვენ სასამართლოსთან დაკავშირებით გვექნება მსჯელობა. კარი ღიაა და ვისაც უნდა, შეუძლია ჩაერთოს. მათ შორის, მოვუწოდებ სამოქალაქო სექტორს. ეკონომიკაზეც და სამართალდამცავ ორგანოებზეც უნდა ვიმსჯელოთ, იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატების ქართული მოდელი, რომ აღარასდროს განმეორდეს ის არაფორმალური მმართველობა, რომელმაც ჩამოშალა ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება საზოგადოების განწყობას, ყველა ძალიან კარგად ხვდება, რომ „ქართული ოცნების“ დღეები დათვლილია და ჩვენ დავიწყებთ სრულიად ახალ, სწორი განვითარების ეტაპს ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იგი პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს ისეთი პარლამენტის თავმჯდომარეები, რომლებიც სამოქალაქო სექტორს „ქვეყნის მტრად“ აცხადებენ.

„28 ოქტომბერს, არჩევნების გზით ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, რადგან ძალა ერთობაშია. ერთიანობისა და ძლიერების იდეას არანაირი ალტერნატივა არ აქვს. უნდა დავიწყოთ ახალი თაობის რეფორმების განხორციელება ქვეყანაში, რათა ერთხელ და სამუდამოდ, დამთავრდეს ეს უბედურება, რაც ახლა ქვეყანაში ხდება, რათა ისეთი პარლამენტის თავმჯდომარეები აღარ ჰყავდეს ქვეყანას, რომელიც თავს ესხმის სამოქალაქო სექტორს და მათ ქვეყნის მტრად აცხადებს, რათა არასდროს აღარ იყოს ქვეყანაში ხელისუფლება, რომელიც სამშობლოს მოღალატეს დააყენებს პრეზიდენტობის კანდიდატად“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა