ამირან სალუქვაძე - არჩევნებში რუსეთის ფავორიტი ვერ გაიმარჯვებს

საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობისას საქართველოს მიმართულებით კრემლის გააქტიურების მიზნებსა და მიზეზებზე, ასევე იმაზე, უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტობის რომელი კანდიდატების ხედვები და წარმოდგენები შეესაბამება ქვეყნის გაცხადებულ საგარეო პოლიტიკასა და ინტერესებს, „ინტერპრესნიუსი“ ბრიგადის გენერალს, ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძეს ესაუბრა.

- ბატონო ამირან, რუსეთის საგერეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში უყმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ოფიციალური თბილისი ჯერ კიდევ არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე, განაგრძობს საერთაშორისო არენაზე რუსეთის საწინააღმდეგო საქმიანობას, მონაწილეობს ნატო-ს სტრატეგიაში რუსეთის შეკავებაზე.

მისივე თქმით, რუსეთი ქართველ პარტნიორებს აფრთხილებს - „თბილისის არამეგობრული ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს“.

ვითარებაში, როცა საქართველოს საგარეო კურსი კარგა ხანია განსაზღრული აქვს, რუსეთის აგრესიული პოლიტიკისაგან დაცვის მიზნით საქართველოს ნატოსთან ურთიერთობების გაღმავების გამო ბატონ კარასინის განცხადება სხვა არაფერია თუ არა იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვი თბილისისაგან მისივე საგარეო პოლიტიკაში კორექტირების შეტანას ითხოვს. რუსეთის მაღალჩინოსნებისაგან ამგვარი განცხადებები მანამდეც ბევრი მოგვისმენია, მაგრამ ახლა რომ ბატონ კარასინის ტონი აშკარად გამკაცრებულია, უდავოა. თქვენ როგორ აღიქვით ბატონ კარასინის ეს განცხადება და სავარუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს იგი?

- რუსეთთან ურთიერთობები წრეზე ტრიალს ჰგავს. არანაირი სიახლე. მუდმივად ცალ კარში თამაში. მათ ანალოგიური მიდგომა აქვთ სხვა სახელმწიფოებთანაც. მაგალითად, სულ ახლახანს, პუტინმა იაპონიას სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა წინა პირობების გარეშე. მოდით, ჯერ გავაფორმოთ და შემდეგ, როგორც მეგობრებმა ვიმუშაოთ პრობლემებზეო. რა თქმა უნდა, იაპონიამ უარი უთხრა, რადგან არანაირი ნდობა არ აქვთ, რომ ხელმოწერის შემდეგ წინ წაიწევენ კურილიის კუნძულების საკითხში.

თუ კარასინის განცხადებას და ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ერთიანობაში გავიაზრებთ, რუსეთში საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლის გადაწყვეტილება მიღებულია

იგივეა ჩვენთან მიმართებაში. კარასინი კი ამბობს, რომ 2012 წლიდან დაწყებულ დათბობას წერტილი დაესმებაო. ვინ დაათბო 2012-დან, რუსეთმა, თუ საქართველომ? ამ 6 წლის მანძილზე რუსეთმა შეცვალა ჩვენთან დამოკიდებულება? იქნებ უვიზო მიმოსვლა დააწესეს? ან იქნებ საოკუპაციო ზოლთან შეწყდა ჩვენი მოქალაქეების გატაცებები და ვერ შევამჩნიე? იქნებ, ამ წლებში არ იყო მავთულხლართების გავლება? რომელი ერთი ჩამოვთვალო?

არ ვიცი რას დავუკავშირო. ალბათ ფიქრობენ, რომ უნდა შევეგუოთ ჩვენი ტერიტორიების მიტაცებას და ჩვენი მოსახლეობის საოკუპაციო პირობებში ყოფნას. თუ კარასინის განცხადებას და ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ერთიანობაში გავიაზრებთ, იმ უარყოფით პროცესებთან ერთად, რაც უკვე ვისაუბრე საოკუპაციო ზოლთან დაკავშირებით, შეინიშნება, რომ რუსეთში საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლის გადაწყვეტილება მიღებულია.

ამ გადაწყვეტილების მიღებაზე იმოქმედა ნატოს ბრიუსელის წლევანდელმა სამიტმა, როცა გაჟღერდა, რომ, მიუხედავად ოკუპირებული ტერიტორიებისა, საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი. ამ ჩანაწერმა მოსკოვის აღშფოთება და განცვიფრება გამოიწვია.

მხოლოდ ამით შეიძლება იმის ახსნა, რომ რუსეთი, თუ ადრე ყურადღებას არ აქცევდა საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, ახლა ნატოსთან აქტივობების შეწყვეტას ითხოვს. ოღონდ, ამჟამად, რუსეთი არ ამბობს საპასუხოდ რას გვთავაზობს.

ისინი მიგვანიშნებენ, რომ თუ ასე არ იქნება, მაშინ უარესს უნდა ელოდეთ. ამ მესიჯების გამჟღერებლები რუსეთს საქართველოშიც ჰყავთ, თუ გავიხსენებთ ბოლო თვეების მანძილზე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. არც შამბას ინტერვიუ უნდა დავივიწყოთ, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო მუდმივად გასულ მატარებელზე აგვიანებსო.

თუ ადრე რუსეთი ყურადღებას არ აქცევდა საქართველო-ნატოს ურთიერთობებს, ახლა ნატოსთან აქტივობების შეწყვეტას ითხოვს. ოღონდ, ამჟამად, რუსეთი არ ამბობს საპასუხოდ რას გვთავაზობს

ჩვენ მართლაც არ გვქონია და არც ახლა გვაქვს რუსეთთან ურთიერთობის, ასევე დეოკუპაციის სტრატეგია. მეტიც, შიდაპოლიტიკური კინკლაობით ვართ შებოჭილები და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადასაწყვეტად საერთო ეროვნულ შეთანხმებას ვერ ვახერხებთ.

ომის წინანდელ პერიოდს თუ გავიხსენებთ, ბევრი რამ არის გაურკვეველი. მაგალითად, 2013 წელს მიხეილ სააკაშვილმა გაასაჯაროვა მედვედევთან არსებული მიმოწერა, სადაც ნატოზე უარის თქმას სთავაზობდა, ლამის ნახევარ აფხაზეთს თმობდა და ა.შ. მედვედევისგანაც მიიღო პასუხი და თბილისში ჩამოსვლის შემოთავაზება 2008 წლის ივლისში ან აგვისტოში. წერილი ივლისის დასაწყისში გამოიგზავნა.

უცნობია ამ ერთ თვეში რატომ ვერ მოხერხდა კონტაქტების გაგრძელება და მედვედევის ვიზიტის განხორციელება. იქნებ შესაძლებელი გამხდარიყო საფრთხის აცილება?!

უახლოესი ერთი-ორი წელი რუსეთთან დაძაბულობის ტრენდით იქნება გამორჩეული. მეტიც, რჩება შეგრძნება, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრობლემის მოგვარება

შემდეგ რაც მოხდა ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში დავინახეთ. ამ ყველაფერს იმისათვის ვიხსენებ, რომ უკვე იყო ნატოზე უარის თქმის შეთავაზება. სააკაშვილი არ ეკითხებოდა ოპოზიციას როგორ წარმართავდა საგარეო პოლიტიკას.

„ოცნება“ შებოჭილია ამ მხრივ და 6 წელში უმაღლეს დონეზე შეხვედრაც კი ვერ მოახერხა. როგორც კი თემა წამოიწევა, ხელისუფლებას მიწაში მარხავენ. როცა რაიმე მოხდება, მერე ვიჩხრიკოთ ისტორიაში რატომ ვერ მოვახერხეთ საფრთხის აცილება. თუმცა, ისტორიაში ჩხრეკის და გაკვეთილების გამოტანის უნარიც არ გვაქვს.

დამამშვიდებელ პროგნოზს ვერ გავაკეთებ. უახლოესი ერთი-ორი წელი რუსეთთან დაძაბულობის ტრენდით იქნება გამორჩეული. მეტიც, რჩება შეგრძნება, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს საქართველოს პრობლემის მოგვარება.

- აშკარაა, რომ რუსული პროპაგანდის მიერ ლუგარის ლაბოლატორიის თემის გააქტიურება საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიის თემის გააქტიურებით კრემლი 28 ოქტომბრის არჩევნების წინ საქართველოს მოქალაქეებზე გარკვეული ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.

ამ თემაზე უამრავი შეფასება და კომენატრი მოვისმინეთ, მათ შორის იმაზე, სავარაუდოდ, თუ როგორ მოხდა ჯანდაცვის სამინისტროდან მასალების მოსკოვში მოხვედრა, რომლის შესახებაც მოსკოვის ვერსიას, რუსული მედია აჟღერებს.

თქვენი აზრით, მართლაც უკავშირდება თუ არა რუსეთში ლუგალირის ლაბოლატორიაზე ატეხილი აჟიოტაჟი 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს? თუ კი, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მისი მიზანი?

- როგორც აღვნიშნე, ჩვენ, მუდმივად ვართ შიდა პოლიტიკაზე გადართული და ვცხოვრობთ არჩევნებიდან არჩევნებამდე. რუსეთს კი, ჩემი ვარაუდით, გაცილებით შორსმიმავალი გეგმები აქვს.

ჩვენ, მუდმივად ვართ შიდა პოლიტიკაზე გადართული და ვცხოვრობთ არჩევნებიდან არჩევნებამდე. რუსეთს კი, ჩემი ვარაუდით, გაცილებით შორსმიმავალი გეგმები აქვს

შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროს მასალების მეტი წილი ფალსიფიცირებულიც იყოს. ვინ იცის ეს ათასობით ფურცელი შეთხზულია თუ რეალური? ეს ხომ ჩვეულებრივი თაბახის ფურცლებია და არა საბანკო ნიშნები?!

იგორ გიორგაძის აქტივობები კარგად დაწერილ სცენარს ჰგავს. მან მოკლე პერიოდში ჩაატარა რამდენიმე პრესკონფერენცია, რუსეთის წამყვან პრესკლუბებში მიიღო მონაწილეობა. რაც მე უშუალოდ ვიხილე, ოთხ წამყვან თოქ შოუში, მათ შორის, ახალ პროექტში : დიდი თამაში“.

სულ ახლახანს გამოაქვეყნა დიდი ვიდეო ინტერვიუ „სამშობლოს დემონტაჟი“. სამშობლოში იგი სსრკ-ს მოიაზრებს. ის იხსენებს 90-იანი წლების ცხინვალის და აფხაზეთის, ასევე 2008 წლის ომებს და ყველა მათგანში საქართველოს ამტყუნებს.

ამ ფონზე, ის გამოდის და საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას ლოიალურად მოიხსენიებს. როგორ ფიქრობთ, ვერ ათვითცნობიერებს, რომ გიორგაძისგან დადებით კონტექსტში საუბარი შავ პიარს ნიშნავს? ვფიქრობ, ათვითცნობიერებს და განზრახ აკეთებს.

ლუგარის ლაბოლატორიასთან დაკავშირებული თემები რუსულ მედიაში ისე შუქდება, რომ ეს საკმაოდ სერიოზული საბაბი შეიძლება გახდეს... მოვუწოდებ ხელისუფლებას სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს

მოკლედ, ჩემი აზრით, რუსეთს სამი ძირითადი მიზანი აქვს: 1) დასავლეთთან, კერძოდ აშშ-სთან (სანქციების ომი), ევროკავშირთან (ბოლოს გავრცელებული კიბერ სკანდალი), დიდ ბრიტანეთთან (სკრიპალების საქმე, რომელიც არ ცხრება) დაძაბულობების გადაფარვა და საპასუხო ბრალდებების წაყენება, 2) საქართველოში ანტიამერიკული განწყობების გაძლიერება, 3) ყველაზე საყურადღებო, საქართველოსთან, საჭიროების შემთხვევაში, ვითარების გასამწვავებლად საჭირო ფონის მომზადება.

მერწმუნეთ, ლუგარის ლაბოლატორიასთან დაკავშირებული თემები რუსულ მედიაში ისე შუქდება, რომ ეს საკმაოდ სერიოზული საბაბი შეიძლება გახდეს. რუსეთი ასე მწვავედ არ რეაგირებს სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში და შუა აზიის ქვეყნებში განლაგებულ ანალოგიურ ლაბორატორიებზე. მოვუწოდებ ხელისუფლებას სერიოზულად მიუდგნენ ამ საკითხს.

- მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში მიმდინარე პროცესები, თუნდაც პოსტსაბჭოთა სივრცეში და კერძოდ საქართველოს მიმართ რუსეთის გააქტიურება იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ირგვლივ ტურბულენციის ხარისხი აშკარად გაზრდილია.

რუსეთი უპრეცედენტოდ დიდ სამხედრო სწავლებებს ატარებს, რუსეთმა საქართველოს სივრცე უცერემონიოდ მას შემდეგ დაარღვია, რაც საქართველომ განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დასაცავად ფრანგული სისტემები დაამონტაჟა, კრემლის არაპროგნოზირებადი მოძრაობები ყველა მიმართულებით, იქნება ეს ანკარა, ბაქო თუ ერევანი, ან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი პოზიციების გაძლიერება მხოლოდ მცირე ჩამონათვალია რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. თქვენი აზრით, რის დემონსტრირებას ცდილობს რუსეთი და სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მისი მიზანი?

- მასშტაბური სამხედრო მანევრებით მხოლოდ ძალის დემონსტრირება ხდება. სხვას რას უნდა ცდილობდეს?! მიზანს არ მალავენ, საბჭოთა პერიოდის გავლენების აღდგენაა.

რუსეთს სირიის კონფლიქტში ჩართვა და გაწეული ფინანსური დანახარჯები დიდი მოგებით უბრუნდება უკან. ნავთობზე ფასების ზრდა გრძელდება და წელს, 8 თვეში, რუსეთის ბიუჯეტის პროფიციტმა 2 ტრლნ რუბლზე (30 მლრდ დოლარზე) მეტი შეადგინა.

მასშტაბური სამხედრო მანევრებით მხოლოდ რუსეთის ძალის დემონსტრირება ხდება. სხვას რას უნდა ცდილობდეს?! მიზანი საბჭოთა პერიოდის გავლენების აღდგენაა

დარჩენილ 4 თვეში ალბათ კიდევ დაემატება ტრილიონი. ჯამში დაახლოებით 45 მლრდ დოლარი გამოდის, რაც რუსეთის თავდაცვის წლიურ ბიუჯეტს შეადგენს. დიდი ალბათობით შემოსავლების ნაწილით რეზერვებს შეავსებენ, ნაწილს კი ისევ არმიას მოახმარენ. ეს ყველაფერი კი ისევ აისახება რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე.

- ვინაიდან, საქართველო საპრეზიდენტო არჩევნებისათვის მზადებაშია, პოლიტიკოსებისა და თუ მედიის აქტიურობა სწორედ საარჩევნო კამპანიას უკავშირდება, თქვენ როგორ შეაფასებდით საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში არსებულ ვითარებას?

- უარყოფითად. საკმაოდ დაძაბული ფონია, მიუღებელი რიტორიკა, შავი პიარი, ამომრჩევლის სრული უპატივცემულობა და კონსტიტუციას აცდენილი დაპირებები. სამწუხაროა, რომ წლები გადის და ვერ ვიზრდებით.

არჩევნებამდე 3 კვირა დარჩა და ჯერ დებატები არ გვინახავს. ამ ყველაფერში ყველას მიუძღვის ბრალი: პოლიტიკოსებს, მედიას, სამოქალაქო სექტორს, საზოგადოებას.

გაცილებით მწვავე იქნება არჩევნების მეორე დღე, ანუ არჩევნების შედეგების გამოცხადება.

პროგრამებით და ინტელექტით შეჯიბრის ნაცვლად, სახეზეა უაზრო დაპირებები და მწვავე დაპირისპირება შავი პიარის ფონზე. არ მგონია ეს გარემოება ნორმალური ადამიანისთვის მისაღები იყოს და საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, დადებითად ახასიათებდეს.

- არჩევნების ეშხში შესული პოლიტიკოსების მტკიცებით, 28 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. 1990 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ამგვარი რამ ითქმოდა ხოლმე. მეტიც, ახლა პოლიტიკოსების მტკიცებით, ამ არჩევნების შედეგებით მკაფიოდ გამოჩნდება ხალხს რა უნდა. უფრო სწორად ირიბად თუ პირდაპირ გამოჩნდება ხალხი ქვეყნის როგორ საგარეო პოლიტიკას უჭერს მხარს. თქვენთვის არჩევნების შედეგები რისი მაჩვენებელი შეიძლება აღმოჩნდეს?

- ეს ხმაურიანი განცხადებები არ წარმოადგენს რაიმე სიახლეს, როგორც წინასაარჩევნო, ასევე შემდგომ პერიოდში. მოკლედ გიპასუხებთ, - 28 ოქტომბერს საგარეო კურსის შეცვლის ამსახველ შედეგებს არ ველოდები.

- 2014 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი გააქტიურდა, ყირიმის ანექსიის გარდა, დონბასისა და ლუგანსკის ოლქებში სამხედრო ძალები გადაისროლა, სირიაში თავისი სამხედრო ბაზები დაიკანონა და გააძლიერა, აშშ-სა და ევროპის რიგ აქტიურად დაიწყო სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში, კერძოდ არჩევნებში ჩარევა.

აშშ-სა და ევროპაში სულ უფრო ხშირად საუბრობენ ამ ქვეყნებში რუსული სპეცსამსახურების გააქტიურებაზე. ასეთ ვითარებაში ძნელი წარმოსადგენია, რომ რუსეთი არ ერევა საქართველოში 28 ოქტომბრისათვის დაგეგმილ არჩევნებში. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, ვინ შეიძლება ოყოს მოახლოებულ არჩევნებზე კრემლის ფავორიტი და რატომ?

- ვინც ღიად დგას პრორუსულ პოზიციებზე, არ მალავენ. ამიტომ გვარების ჩამოთვლის საჭიროებას ვერ ვხედავ. საერთოდ, უნდა შევეშვათ რუსეთის, როგორც საფრთხობელის გამოყენებას შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში და განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ.

არჩევნების წინ საკმაოდ დაძაბული ფონია, მიუღებელი რიტორიკა, შავი პიარი, ამომრჩევლის სრული უპატივცემულობა და კონსტიტუციას აცდენილი დაპირებები, სამწუხაროდ, წლები გადის და ვერ ვიზრდებით

მიკვირს „ქართული ოცნების,“ როცა ამ საკითხზე ვერ ახერხებენ მათი ოპონენტებისთვის პასუხის გაცემას. აგვისტოს ომამდე, ყველა არჩევნებზე, ყველა პოლიტიკური პარტია, მათ შორის ისინიც, რომელთა შიშით „ოცნება“ რუსეთთან დიალოგზე ხმას ვერ სძრავს, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. ახლა მთავარი საფრთხობელაა.

არჩევნებში რუსეთის ფავორიტი ვერ გაიმარჯვებს. ისიც ხომ კარგად ვიცით, წესით კრემლმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი არც განსაზღვრავს, არც წარმართავს საგარეო პოლიტიკას. ის მხოლოდ წარმოადგენს სახელმწიფოს ვიზიტებისას და აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ჩარჩოებში, რომელსაც განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი. ამიტომ საშიშროებას ვერ ვხედავ.

- ვინაიდან უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის ისტორიის ამ ეტაპზე უმთავრესია და თქვენ ამ საკითხებში კარგად ერკვევით და საკმაოდ ღმადაც ხართ ჩახედული, ამიტომ ჩემი შემდეგი კითხვა ასეთი იქნება - მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების საკითხებზე საპრეზიდენტო კანდიდატები მხოლოდ ზოგად განცხადებებს აკეთებენ და ამ საკითხებში მათი სრული ხედვის წარმოდგენა ჭირს, შესაძლოა, ეს ვითარება არჩევნებამდე დარჩენილ დროში გამოსწორდეს, თქვენი დაკვირვებით უსაფრთხოების საკითხებზე რომელი საპრეზიდენტო კანდიდატის შეხედულებები და მოსაზრებები გამოიყურება სრულყოფილად და გააზრებულად?

- რამდენიმე კვირის წინა დავწერე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, რომ კანდიდატებს არ წარმოუდგენიათ პროგრამები, არ გვესაუბრებიან როგორ შეუასრულებენ ისინი უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და როგორ ესმით მათ ეს.

პროგრამებით და ინტელექტით შეჯიბრის ნაცვლად, სახეზეა უაზრო დაპირებები და მწვავე დაპირისპირება შავი პიარის ფონზე. არ მგონია ეს გარემოება ნორმალური ადამიანისთვის მისაღები იყოს და საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, დადებითად ახასიათებდეს

დღესაც იგივე მდგომარეობაა. ჯერჯერობით არც დებატები გამართულა. ამიტომ, ცარიელ ადგილას ვერ ვისაუბრებ. კანდიდატთა უმეტესობა პოპულიზმითაა დაკავებული და მათი უფლებამოსილების და კომპეტენციის მიღმა არიან გასულები, საუბრობენ რა პენსიებზე, გზებზე და სხვა პრობლემებზე. ჯერ გამოსწორების ნიშნებს ვერ ვხედავ.

- ხშირად გაიგონებთ - პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ისევე იტყუებიან როგორც მონადირეები ნადირობის დასრულების შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ყურადღებით ადევნებთ თვალს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კანდიდატების აქტივობებს, განცხადებებს, რომლებზეც შემდეგ მსჯელობენ ვისაც არ ეზარება, გაეგება თუ არა პოლიტიკაში რამე.

ვინაიდან საქართველოს მოსახლეობას საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთება მალე მოუწევთ, თქვენ როგორც ანალიტიკოსი პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებში რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველებს, რომლებიც 28 ოქტომბერს ამომრჩევლები იქნებიან?

კანდიდატთა უმეტესობა პოპულიზმითაა დაკავებული და მათი უფლებამოსილების და კომპეტენციის მიღმა არიან გასულები, საუბრობენ რა პენსიებზე, გზებზე და სხვა პრობლემებზე. ჯერ გამოსწორების ნიშნებს ვერ ვხედავ

- მოსახლეობას ვურჩევ არ აყვნენ ემოციებს, არ აყვნენ ცრუ ინფორმაციებს, არ აყვნენ ცრუ დაპირებებს, სწორად შეაფასონ, თუ საჭიროა თავადვე გადაამოწმონ ინფორმაციები, კანდიდატების მოღვაწეობა, ბიოგრაფიები, განცხადებები, შეხედულებები, რადგან დებატებს ჯერ ვერ ვხედავთ და ცივი გონებით გააკეთონ არჩევანი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო