არ შეიძლება გადასახადების გადაუხდელობის ზეწოლით, ევროსაბჭომ რუსეთის მიმართ თავისი პრინციპული დამოკიდებულება დათმოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ევროსაბჭოში გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან და დისკუსია იქნება საკმაოდ მწვავე.
„როდესაც დღის წესრიგში დადგა რუსეთის გამო წესებისა და პროცედურების შეცვლის და სანქციების გამარტივების საკითხი, ამაში ასამბლეამ, გარკვეულწილად, გენერალური მდივნის როლიც დაინახა და აღქმული იქნა, რომ ის ამ პროცესს ხელს უწყობდა, რამაც გამოიწვია საკმაოდ დიდი გაღიზიანება. საპარლამენტო ასამბლეა ფიქრობს, რომ მართალია, რუსეთი არ იხდის გადასახადს, რომელსაც უნდა იხდიდეს, მაგრამ არ შეიძლება, რომ ამ გადასახადების გადაუხდელობის ზეწოლით ევროსაბჭომ დათმოს თავისი პრინციპული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.