მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო სხდომა 16 ნოემბერს განახლდება

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო სხდომა 16 ნოემბერს, 12:00 საათზე განახლდება.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 2 მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა პროკურორის განცხადებით, სხდომა მოწმეთა გამოუცხადებლობით გადაიდო.

„დღეს ბრალდების მხარეს სურდა დაეკითხა მოწმე ივანე ნაკაიძე, თუმცა ის არ გამოცხადდა პროცესზე. ასევე მოწმის სახით უნდა დაგვეკითხა გ.ბ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის კვლავ არასრულწლოვანია, მისი დაკითხვა უნდა მომხდარიყო კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. კანონიერმა წარმომადგენელმა ვერ მოახერხა მოსვლა", - განაცხადა პროკურორმა გიორგი ქობულაძემ. მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარეს დასაკითხ პირთა სიაში დარჩენილი ჰყავს 8 პირი.

„საქმეზე დასაკითხი გვყავს ოთხი მოწმე და დამატებით ოთხი ბრალდებული პირი", აღნიშნა გიორგი ქობულაძემ.

ერთ-ერთი ბრალდებულის გიორგი შაბურიშვილის ადვოკატის, მერაბ მამულაშვილის თქმით, საქმის გადადებას ამ ეტაპზე ბრალდების მხარის მიერ პროცესების გაჭიანურების მცდელობად ვერ შეაფასებს, რადგან სხდომის გადადება აღნიშნულ საქმეზე დღეს პირველად მოხდა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ადვოკატის შეფასებით, ის გამამართლებელ განაჩენს ელოდება, რადგანაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის, შაბურიშვილის წინააღმდეგ დარჩენილი მოწმეები ვერ დაადასტურებენ ბრალდების პოზიციას.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 5 პირია პასუხისგებაში მიცემული - თენგიზ, ლუკა და მიხეილ კალანდიები, ასევე გიორგი შაბურიშვილი და ზაქარია წინწკალაძე. თუმცა, მიხეილ კალანდიას საქმის სასამართლო განხილვა ცალკე მიმდინარეობს, ვინაიდან ბრალის წარდგენის მომენტში ის არასრულწლოვანი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო