მინისტრის მოადგილე - ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ყოველი ახალი სეზონისთვის დამსვენებლებს საკურორტო ზონებზე გაუმჯობესებული პირობები დახვდეთ

ინტერვიუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაციასთან:

- სექტემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საკურორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელ პირებს ბოლო გაფრთხილება მისცა. რა სამუშაოებს აწარმოებს ამ ეტაპზე ინფრასტრუქტრის სამინისტრო და რამდენად მომზადებული ხვდება საკურორტო ზონები ზამთრის სეზონს?

- ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება სამთავრობო სტრუქტურების კომპლექსური მუშაობის შედეგია. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანიას, ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომლებიც უშუალოდ მართვის და მოვლა-პატრონობის პროცესს ახორციელებენ, ამასთან, თავად მოსახლეობას და იმ ინვესტორებს, ვინც ფლობს საკუთრებას ამ არეალებში. რაც შეეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩვენ საკურორტო ზონებში სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, ესაა - გზების რეაბილიტაცია-მშენებლობა, პარკირების ადგილების მოწყობა, წყალმომარაგება, გამწმენდი ნაგებობები, სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება... ვაკეთებთ მაქსიმუმს, რათა ყოველი ახალი სეზონისთვის დამსვენებლებს გაუმჯობესებული პირობები დახვდეთ.

- კონკრეტულად, მაგალითად, ბაკურიანში, რა პროექტები მიმდინარეობს?

- ბაკურიანში პარალელურად მიმდინარეობს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის, ასევე წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმართულებით. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, ახორციელებს ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება-მშენებლობას. ამ პროექტის განხორციელების შედეგად შემცირდება საკურორტო ზონაში ავტომობილების მოძრაობის ინტენსიობა. ახალი მიმართულება დასახლებამდე გადაუხვევს დასავლეთით და შეუერთდება ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვარის გზას, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასევე ფონდი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ჯამური ინვესტიცია 9 მილიონ ლარზე მეტია. დამატებით, ფონდს დაგეგმილი აქვს დიდველზე პარკინგის გაფართოება, მიტარბის საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ბაკურიანის ცენტრალური წრიული ბილიკის მოწყობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება რეკრეაციულ პარკში. ამასთან, მუშავდება ახალი სატრანსპორტო სქემა, რომელიც მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას ითვალისწინებს. ეს არის უმნიშვნელოვანესი და კომპლექსური მიდგომა - მოგეხსენებათ, ბაკურიანში განსაკუთრებით ტურისტულად ძალიან აქტიურ პერიოდში იქმნება გადაადგილების პრობლემა, რადგან მანამდე არსებული ინფრასტრუქტურა არ იყო გათვლილი დამსვენებელთა, ტურისტების, მთლიანად კურორტის განვითარების ამხელა ინტენსივობაზე და არც იმ ქაოტურ მშენებლობებზე, რომელიც წლების განმავლობაში, განვითარების გენერალური გეგმის შექმნამდე მიმდინარეობდა.

ჩვენ ვახორციელებთ ასევე ბაკურიანის სრულად მოცვის მიზნით, წყალმომარაგება-საკანალიზაციო სისტემის მოწყობის პროექტს, რაც უმნიშვნელოვანესი და ნამდვილად მასშტაბური პროექტია კურორტისთვის, რომელიც ასეთი სწრაფი ტემპით ვითარდება.

შესაბამისად, როგორც მოგახსენეთ, ეს კომპლექსური მიდგომაა, რომელიც არა ერთჯერად ეფექტზეა გათვლილი, არამედ გულისხმობს ეტაპებად არსებული პრობლემების მოგვარებასაც და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ახალი შესაძლებლობების გაჩენას და განვითარების პარალელურად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას. ამავდროულად, მიმდინარეობს პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაც.

- რა სიახლეებს უნდა ელოდოს დამსვენებელი გუდაურში?

- წლის ბოლომდე დასრულდება კობი-გუდაურის საბაგიროს მშენებლობა, რაზეც 80 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ესაა 7.5 კმ-იანი გონდოლებიანი სამი საბაგირო გზა, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოებს კურორტის არეალს. ეს საბაგირო ყაზბეგსა და გუდაურს დააკავშირებს და შეიქმნება ერთიანი საკურორტო სივრცე. ამასთან, ეს არის შესაძლებლობა ამ არეალში ახალი სასტუმროების, კვების, სხვა ტურისტული ობიექტების მშენებლობისთვის, ქვეყანაში, რეგიონში მეტი ინვესტიციის განხორციელებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის კი, მეტი დასაქმების და შემოსავლის მიღების წყარო იქნება.

გუდაურში დასრულდა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები, წლის ბოლომდე მოეწყობა წყლის ხელოვნური რეზერვუარი, თუმცა მისი ამოქმედებისთვის დამატებითი სამუშაოებია საჭირო, რაც უკვე მომავალ წელს იგეგმება. უახლოეს ორ წელიწადში ვგეგმავთ წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებს, რის შემდეგაც ადგილობრივები და ტურისტები უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი; ასევე აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა მოხდება და შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.

გუდაურში ასევე მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს მთის კურორტების განვითარების კომპანიაც.

- რა პროექტებს ახორციელებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო მესტიაში?

- უკვე დასრულდა მესტიის ცენტრიდან აეროპორტამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტი იყო.

მალე დასრულდება მესტიის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ეს პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და უზრუნველყოფს წყლის დებიტის (რაოდენობის) გაზრდას, რაც გულისხმობს ადგილობრივებისა და დამსვენებლების ხარისხიან, სტაბილურ წყალმომარაგებას. სამუშაოების 90 პროცენტი უკვე შესრულებულია.

მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორული თეატრის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციას. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და წლის ბოლომდე დასრულდება.

ამასთან, მოგეხსენებათ, ქვეყნის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტურისტულად აქტიური და ახალი ცენტრების შექმნა-განვითარება მთავრობამ განსაკუთრებულ პრიორიტეტად დაისახა და შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ მრავალი ახალი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას, რომელთა შესახებაც საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას ახლო მომავალში მივაწვდით.

სალომე კვარაცხელია

„ინტერპრესნიუსი“

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო