"საპარტნიორო ფონდმა" შვილობილ კომპანია „ლიკანი რეზიდენციასთან" ერთად რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა.
ლიკანში, სასახლის პარკში გამართულ პროექტის პრეზენტაციას სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, მთავრობის წევრები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, სარეაბილიტაციო პროექტის ავტორი კომპანიების, ბიზნესისა და ტურიზმის წარმომადგენლები, არქიტექტორები, დარგის სპეციალისტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
სარესტავრაციო პროექტის დეტალები "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ საზოგადოებას ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს) საქართველოს ეროვნული კავშირისა და კომპანიების: "საქართველოს მემკვიდრეობა" და "არქიტექტორები.ჯი2"-ის ხელმძღვანელებთან ერთად გააცნო. ამ მიზნით პრეზენტაციაზე მათ რეაბილიტირებული და რესტავრირებული რომანოვების სასახლის და ლიკანის ისტორიული კომპლექსის კომპიუტერული მოდელირება აჩვენეს.
პრეზენტაციაზე დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ სარესტავრაციო პროექტი ქართველმა სპეციალისტებმა პეტერბურგის სახელმწიფო არქივში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადეს. კერძოდ, მისივე თქმით, ამ არქივზე წვდომის მოპოვება იოლი არ იყო, თუმცა მათ ეს შეძლეს.
პროექტი მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სასახლის და იქ არსებული შენობა-ნაგებობების სრულფასოვან რესტავრაცია-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. შედეგად კი პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა.
ისტორიულ სასახლეში მუზეუმი მოეწყობა, ასევე, სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი. იგეგმება 8 ჰექტარი ისტორიული პარკის კეთილმოწყობაც.
როგორ პრეზენტაციაზე ითქვა, შედეგად აღნიშნული სივრცე საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნება და ტურისტული თვალსაზრისით ობიექტი რეგიონში მნიშვნელოვანი გახდება.
დავით საგანელიძის თქმით, საქართველოში ჩამოსული ტურისტების მხოლოდ 8% შედის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რაც არასაკმარისია იქ არსებული ისტორიული ძეგლების რაოდენობასა და მნიშვნელობას თუ გავითვალისწინებთ.
ამასთან, როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით საგანელიძემ განაცხადა, თუ რა დაჯდება მთლიანად პროექტი, ეს უახლოეს პერიოდში დაზუსტდება, რის შემდეგაც სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის შერჩევაზე ტენდერი გამოცხადება.
პრეზენტაციის ბოლოს სტუმრებმა რომანოვების სასახლე დაათვალიერეს, სადაც დღემდეა შემორჩენილი რომანოვებისთვის ნაპოლეონის მიერ ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის სავარძელი და პეტრე პირველის ხელით ნაკეთი კაკლის ხის მაგიდა.
ლიკანის კომპლექსი "საპარტნიორო ფონდს" მთავრობამ ერთი წლის წინ მოვლა-პატრონობის მიზნით გადასცა. პროექტის განხორციელებას კი სავარაუდოდ ორი წელი დასჭირდება.