ელენე ხოშტარია სოფო კილაძეს -  გეკითხებით, პარლამენტს რა როლი ექნება ამ „ავტომატჩიკების", გარიგებული პროკურორების და საშინელი ამბების წინააღმდეგ

9 წელი რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა, იმიტომ ვარ ოპოზიციაში და იმიტომ გამომაბუნძულეს სამართლიანად ხელისუფლებიდან, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძე მიმართა და დაინტერესდა, რა სახით ჩაერთვება პარლამენტი იმ ფარული ჩანაწერების გამოძიების საქმეში, რომელიც გუშინ გავრცელდა.

„ზუსტად ის მაწუხებს, რომ ამ ჩანაწერების გავრცელებაზე პასუხი, რომელიც თქვენ გაქვთ ის არის, რომ 9 წელი ხდებოდა უბედურება. 9 წელი რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა, იმიტომ ვარ ოპოზიციაში და იმიტომ გამომაბუნძულეს სამართლიანად ხელისუფლებიდან. თქვენგან განსხვავებით მე ვიღაცისკენ კი არ ვიშვერ ხელს, მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რადგან იმ მთავრობაში ვმუშაობდი. ზუსტად ამიტომ წავაგეთ ჩვენ არჩევნები ქალბატონო სოფო. მე იმას კი არ გეკითხებით, ფარცხალაძე რას გამოიძიებს, არამედ იმას გეკითხებით, პარლამენტს რა როლი ექნება ამ „ავტომატჩიკების", გარიგებული პროკურორების და საშინელი ამბების წინააღმდეგ. თქვენ მეუბნებით, რომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. რას გააკეთებს კომიტეტი სასწრაფოდ, ამ საშინელებაზე რეაგირებისთვის. თქვენ გინდათ წარსულზე საუბრი, მე ამას არ გავურბივარ. ამ წარსულის გამო წავაგე არჩევნები და ახლა თქვენ უნდა წააგოთ, რადგან ადამიანის უფლებების დარღვევა არავის არ შერჩება", - მიმართა ელენე ხოშტარიამ სოფო კილაძეს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ ელენე ხოშტარია ტრიბუნას იყენებდა იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს.

„პირველ რიგში, ეს არის გამოძიების პრეროგატივა, ხოლო თქვენ რა პოლიტიკურ შეფასებას მისცემთ ამ ყველაფერს, ეს არის მეორეხარისხოვანი. შეიძლება პარლამენტიც ჩაერთოს ამ თემაში. არ შეიძლება ასე მოქცევა. ახლა რომ გაგახსენდათ, რომ თურმე დამნაშავეები იყავით, ამდენი ხანი სად იყავით, ახლა უტიფრად რომ გვიმტკიცებთ რაღაცეებს. თუ პარლამენტის ჩართვა იქნება საჭირო საზედამხედველო კუთხით, ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა, სავარაუდოდ, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის ფარული აუდიო ჩანაწერი გუშინ გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ასევე ჩანაწერში ნახსენები არიან ყოფილი მთავარი პროკურორები არჩილ კბილაშვილი და ირაკლი შოთაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სუბელიანი ამბობს, რომ მას ეკა ბესელიასა და უდო-ს კომისიის ურთიერთობებზეც აქვს ინფორმაცია და ამ თემაზე დაკითხულიც იყო.

ასევე ნახსენებია ვანო მერაბიშვილის საქმე და ხაზგასმულია, რომ ეს ყველაფერი ჩაწერილი და დაარქივებულია. ამასთან, ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ის წინასწარ არის შეთანხმებული ხელისუფლებასთან, როდის უნდა დადგეს მისი განაჩენი და რამდენი ხნით უნდა იჯდეს ციხეში - ერთი წელი პატიმრობა და ერთი წელი პირობითი მსჯავრი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა