აკაკი ზოიძე არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე არ გამორიცხავს, რომ ფარული ჩანაწერების საქმეზე, რომელშიც სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ფიგურირებს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

როგორც ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს კითხვებზე პასუხის გასაცემად, მათ შორის, საპარლამენტო საათს და მინისტრების დაბარების ფორმატებს.

"ჩვენ მივმართავთ ყველა ბერკეტს, რაც პარლამენტს გააჩნია და რომელიც ზედამხედველობას ეხება. იქნება ეს შესაბამისი საპარლამენტო საათით დაწყებული, მინისტრების დაბარებით, თუ სხვა ზედამხედველობის მექანიზმით, რაც პარლამენტს გააჩნია. შევიკრიბებით უმრავლესობასთან ერთად და ჩამოვყალიბდებით. ეს არ იქნება ერთჯერადი თემა, სანამ ბოლომდე არ ამოვწურავთ“, - განაცხადა ზოიძემ და შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება პარლამენტმა საგამოძიებო კომისია შექმნას, დასძინა: „არაფერს გამოვრიცხავ, მთავარია ჩვენ მოვისმინოთ კითხვებზე პასუხები ეს არის საზოგადოების ყველაზე მაღალი ინტერესის საგანი".

ასევე, კითხვაზე: შესაძლოა, თუ არა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დაიბარონ, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ზოიძემ უპასუხა: "ოპოზიცია კი არ ითხოვს, მეც ვითხოვ. თუ რაიმე მტკიცებულება აქვს სუბელიანს, რაღაც ტერაბაიტებზე რომ არის საუბარი, წარმოადგინოს. ჩვენი მხრიდან პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ბოლო დეტალამდე ჩავიდეთ ამ საქმეში. ეს არის პრინციპული საკითხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისათვის, რომ ამ ქვეყანაში არასდროს განმეორდეს ის, რასაც ჩვენს ისტორიულ დანაშაულს ვხედავდით და ამ კოშმარში გვიწევდა ცხოვრება",- განაცხადა ზოიძემ.

გარდა ამისა, ზოიძემ კომენტარი ჩანაწერებთან დაკავშირებითაც გააკეთა და აღნიშნა, რომ ის რაც გავრცელდა "ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა".

"თუმცა, მტკიცებითი ფორმით რომ გამოიკვეთა ფაქტები, ასე არ არის. ჩვენ გვაქვს საქმე ერთი ადამიანის მონაყოლთან, რომლის ავთენტურობაც დასადგენია. თუმცა, ავთენტურიც რომ იყოს, მაინც ერთი ადამიანი ამტკიცებს, რომ მას აქვს მონაწილეობა მიღებული ორგანიზებული, მართლაც სისტემური დანაშაულის ნიშნების მატარებელ ქმედებებში, რაც ძალიან შემაშფოთებელია და ყველა კითხვაზე პასუხი უნდა იყოს გაცემული. ჭეშმარიტების პატარა მარცვალიც რომ იყოს მთელ ამ საუბარში, საზოგადოებისთვის ეჭვის ნატამალი არ უნდა დარჩეს საერთოდ, ასეთ ფაქტს ჰქონდა ადგილი თუ არა. შესაბამისად, აუცილებელია, "საქმენი საგმირონი" იყოს გამოძიებული ბოლომდე”, - აღნიშნა ზოიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა