მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნები მიიტანეს

მთავრობის ადმინისტრაციის წინ სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას” აქტივისტები გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილისა და მისი იურიდიული სამსახურის უფროსის გადადგომის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსს მართავენ.

აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციის წინ სიმბოლურად, ნაგვის ურნები მიიტანეს და რამდენიმე მათგანი შესასვლელშიც შეიტანეს.

ერთ-ერთი აქტივისტის გიგა მაქარაშვილის თქმით, გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი თანამდებობას ახლაც იკავებს, მიუხედავად იმისა, რომ მან რამდენიმე დღის წინ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო.

„მთავარი მოთხოვნა არის გორის მერის უპირობო გადადგომა იმ უპასუხისმგებლო განცხადების გამო, რომელიც მან 9 ოქტომბერს გააკეთა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას და ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. ამის შემდეგ კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა და პირადად მე ჩამომამხო ნაგვის ურნა თავზე მისი იურიდიული სამსახურის უფროსმა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აღიძრა, ჯერჯერობით წინსვლა არ არის. გორის მერის მომდევნო განცხადება იყო შოკისმომგვრელი, როცა თქვეს, რომ ამ ადამიანს სამსახური აუცილებლად შეუნარჩუნდებოდა და ის ჩვენი გადახდილი გადასახადებით ხელფასს მაინც აიღებს. ნაგვის ურნები სწორედ სიმბოლური აქციაა”,- აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მიმდინარე კვირის ბოლომდე საქმეში წინსვლა არ იქნება, აქციებს უკვე გორში დაიწყებენ.

რამდენიმე დღის წინ გორის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს გორის მერიის შენობის შესასვლელთან ნაგვის ურნა ჩამოამხო. სამოქალაქო აქტივისტები აქციას გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადების გამო მართავდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, გორის მერმა 2008 წელს ომის დაწყებაში საქართველო დაანაშაულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო