ეკა ბესელიამ და სალომე სამადაშვილმა ერთმანეთს „მიშას და ბიძინას თოჯინები“ ეძახეს

სასაცილოზე უარესი ხართ - მწამებლების და მოძალადეების სახე ხართ თქვენ, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომაზე.

აღნიშნულ რეპლიკამდე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს „ბიძინას თოჯინების“ მოსმენა, მისი ინტერესის საგანია, დაიბარებენ თუ არა ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს პარლამენტში.

„აღმოჩნდა რომ მძევლად ჰყავხართ აყვანილი ვინმე სუბელიანს იმიტომ, რომ გაშანტაჟებთ“, - განაცხადა სამადაშვილმა.

თავის მხრივ, აღნიშნულზე საპასუხოდ ბესელიამ სამადაშვილს მიმართა, რომ ის პროცედურებს არღვევს.

„უკაცრავად, პროცედურა უნდა დავიცვათ. თქვენც ვერ აგვიყვანეთ მძევლად, როცა თქვენ იყავით ხელისუფლებაში, ამიტომ ასეთ ფრაზებს ნუ იყენებთ. პროცედურებს დავუბრუნდეთ. თქვენ წარმოიდგინეთ ყველაფერი კარგად გავიგე, იმაზე კარგად, ვიდრე თქვენ გგონიათ. ვერ მოგისმენთ იმიტომ, რომ პროცედურა უნდა დავიცვათ. ბოროტად არ ვსარგებლობ, კანონით ვსარგებლობ, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. გაფრთხილებას გაძლევთ და იძულებული ვარ შეგახსენოთ, თქვენ, რომელიც წარმოადგენდით ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვან ადგილას, ძალიან დიდი სირცხვილია, რომ თქვენ, ადამიანი, რომელიც პატივს არ სცემთ კანონს, პატივს არ სცემთ რეგლამენტს. თქვენ წარმოადგენთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც მძევლად ჰყავდა აყვანილი მთელი საზოგადოება“, - განაცხადა ბესელიამ.

ამის შემდეგ სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, უმრავლესობა დაიბარებს თუ არა ფარცხალაძეს პარლამენტში, რაზეც ბესელიამ უპასუხა: „ქალბატონო სალომე დასრულდა თქვენი დრო, ვერ გიშველით ეგ სპექტაკლები თქვენ. მიბრძანდით ახლა, დატოვეთ დარბაზი“, - განაცხადა ბესელიამ.

ამის შემდეგ სალომე სამადაშვილმა ბესელიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ბოდიში სამადაშვილს აქვს მოსახდელი.

„ბოდიში თქვენ მოიხადეთ. თუმცა ესეც არ გიშველით“, - განაცხადა ბესელიამ.

თავის მხრივ აღნიშნულზე სამადაშვილმა უპასუხა, რომ პარლამენტში ფარცხალაძე მოიყვანონ და მას „არ აინტერესებს ბიძინას თოჯინების მოსმენა“.

რეპლიკას ეკა ბესელიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ „აქ მიშას თოჯინებს ვხედავთ. სასაცილოზე უარესი ხართ და დატოვეთ დარბაზი. მწამებლების და მოძალადეების სახე ხართ თქვენ“. - განაცხადა ბესელიამ.

საბოლოოდ, იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომა დაატოვებინა.