გიგი წერეთელმა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა

ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნის ელჩი დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა მიმართა, რომელმაც საპარლამენტო დიალოგის და ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ეუთო-ს რეგიონში მცხოვრები მილიარდამდე მოქალაქე ანუ მსოფლიოს მოსახლეობის 15% დამოკიდებულია დიპლომატიაზე, რათა მათ მშვიდობის დამყარებაში წარმატებებს მიაღწიონ, განთავისუფლდნენ ზეწოლისგან, დისკრიმინაციისგან, სიღარიბისა და ძალადობისგან. ყოველივე ამისთვის კი აუცილებელია ეუთო-ს ვალდებულებების შესრულების პოლიტიკური ნების არსებობა“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მისივე განცხადებით, 2018 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავზე, ყველამ კარგად უნდა გაითავისოს თუ რა შედეგები შეიძლება მივიღოთ მაშინ, როდესაც დიპლომატია მარცხს განიცდის.

„ყოველთვის არსებობს ისტორიის განმეორების საფრთხე, განსაკუთრებით კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგის არ არსებობის პირობებში და ჩვენ ყველამ ეს გაკვეთილი უნდა გავითვალისწინოთ“, - მიმართა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებს.

გიგი წერეთელი საველე პირობებში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიების არსებობის როლსა და მნიშვნელობას შეეხო და უკრაინაში განხორციელებული სამუშაოებისთვის, ეუთო-ს სპეციალურ მონიტორინგის მისიას, საპარლამენტო ასამბლეის სახელით, მადლობა გადაუხადა. მანვე სამხრეთ კავკასიის რეგიონში მონიტორინგის მისიის დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისივე შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.

„ეუთო-ს პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ სამხრეთ კავკასიაში, სადაც ორგანიზაციის წევრი სამივე სახელმწიფო, ომების შედეგად დაზარალდა და სადაც ეუთო-ს ჩართულობა ყველაზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, იქ ეუთო არ არის“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ეუთო-ს ელჩებმა შეხვედრაზე საპარლამენტო ასამბლეის შიდა რეფორმირებაზე, ODIHR-ის მიერ წარმოებულ საარჩევნო სადამკვირვებლო საქმიანობებზე და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები მიმოიხილეს.

ვენაში, გიგი წერეთელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციას დაესწრო და სემინარზე, სახელწოდებით - „ეუთო აღმოსავლეთ-დასავლეთის დიალოგის ძირითადი პარტნიორი“ სიტყვით გამოვიდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო