პრეზიდენტი - მე მივცემ ხმას საქართველოს, რომელიც მტკიცეა გადაწყვეტილებაში, დაიცვას თავისი მიწა-წყალი

მე მივცემ ხმას საქართველოს, რომელიც მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში, დაიცვას თავისი მიწა-წყალი, გაანადგუროს მტერი და უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების დაცულობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამით გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

"მე მივცემ ხმას საქართველოს, რომელიც მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში დაიცვას თავისი მიწა-წყალი, გაანადგუროს მტერი, რომელიც შემოსულია, უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების დაცულობა და სიამაყე ამ სამშობლოში ცხოვრებით. მაგრამ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არსებობდეს, ჩვენი მებრძოლები გამაგრებულნი უნდა იყვნენ იმ სიმტკიცით, რომელსაც მათ პოლიტიკოსები ვაძლევთ. სამშობლოს დაცვა არის ყველაზე დიდი ღირსება, ამისთვის სიცოცხლის შეწირვა არის ყველაზე დიდი ღირსება და არცერთი წვეთი, რომელიც ჩვენი სამშობლოს დაცვაში დაიღვრება, არ იქნება ტყუილად და არ იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთანავე, ჟურნალისტის კითხვას, ნანობს თუ არა, რომ იგი ამ არჩევნებზე კენჭს არ იყრის, მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მისი პირადი ემოციები საინტერესო არ უნდა ყოფილიყო და ამაზე არ უნდა გვესაუბრა.

"ჩემი პირადი ემოციები და სინანულის ან აღტაცების განცდა საერთოდ არ უნდა ყოფილიყო საინტერესო ქართულ პოლიტიკურ რეალობაში. ამაზე არასდროს არ უნდა გვესაუბრა. უნდა გვესაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც პოლიტიკოსები იღებენ და იმ გამოწვევებზე, რაც საზოგადოების წინაშე დგას,"- აღნიშნა მარგველაშვილმა.