მიხეილ ბატიაშვილი – ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი  წინგადადგმული ნაბიჯია

საქართველო დღეიდან ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, მინისტერიალის ფარგლებში, თბილისი მაღალი რანგის სტუმრებს: ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონს, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირებს და საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მასპინძლობს. მასში მონაწილეობას იღებენ ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

მიხეილ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის საქართველოში ჩატარება უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, საერთო ევროპული თანამშრომლობის გაღრმავებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მინისტრის აზრით, მსოფლიო სპორტული ხასიათის პრობლემების დღის წესრიგში ძალადობა, რასიზმი, დისკრიმინაცია, დოპინგი, გარიგებული თამაშებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მოწინავე ადგილს იკავებს. შესაბამისად, მინისტერიალი სრულად ეხმიანება სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებს და დარწმუნებულია, რომ საპატიო სტუმრების, დელეგატებისა და ექსპერტების აქტიური ჩართულობით სასურველ შედეგებს ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

სამინისტროს განცხადებით, მინისტერიალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მიზანს საერთო ევროპული თანამშრომლობისთვის ახალი ბიძგის მიცემა და სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე რეაგირება წარმოადგენს. მინისტერიალზე მონაწილეები იმსჯელებენ სპორტში კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ ასპექტებზე.

დღის წესრიგით გათვალისწინებულია 2 საკვანძო საკითხი: სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამასთან, მიღებული იქნება ორი რეზოლუცია: 1. სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა: ზომების გაძლიერება 2. ადამიანის უფლებათა დაცვა სპორტის სფეროში, ვალდებულებები და საერთო პასუხისმგებლობა.

მინისტერიალი ევროპის საბჭოს, EPAS-ისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა