პროკურატურის ვარაუდით, „რუსთავი 2“-ს,  რომელმაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის მონაწილეობით აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, კიდევ ორ ფაილზეც უნდა ჰქონდეს წვდომა

საგამოძიებო ორგანოს ვარაუდით, იმ მედიასაშუალებას, რომელმაც 11 ოქტომბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, დანარჩენ ორ ფაილზეც უნდა ჰქონდეს წვდომა, - ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პროკურატურამ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი გაასაჯაროვა. საგამოძიებო უწყებისთვის უცნობია ის მიზეზები, თუ რატომ არ გასაჯაროვდა სხვა ფაილებიც.

„იმის დაზუსტებით თქმა, რომ ეს ჩანაწერები შეიძლება ჰქონდეს სხვა მედიასაშუალებასაც, შეუძლებელია. მაგრამ საგამოძიებო ორგანოს, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც საქმეში არსებობს, აქვს ვარაუდი, რომ იმ მედიასაშუალებას, რომელმაც 11 ოქტომბრის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა და გაასაჯაროვა, ასევე, უნდა ჰქონდეს წვდომა დანარჩენ ორ ფაილზეც. თუმცა, რატომ არ მოხდა მისი გასაჯაროება, ჩვენთვის ეს მიზეზები უცნობია“, - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ.

დღეს მთავარმა პროკურატურამ სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ამსახველი ახალი ჩანაწერი გაასაჯაროვა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერი სავარაუდოდ, სუბელიანსა და ჯაფარიძეს შორის ზაფხულში გამართულ საუბარს ასახავს.

მათივე განმარტებით, ჯამში სამი ჩანაწერი პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ.

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-მა ორი დღის წინ სავარაუდოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანის, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომანიის ინფორმაციით, ჩანაწერი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და მასთან ერთად საკანში „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დათო ცუხიშვილი იმყოფება.

ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი საუბრობს, რომ ის საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში და გაურიგდა ხელისუფლებას, მაგრამ სუბელიანი უკმაყოფილებას გამოთქვამს მმართველი გუნდის დამოკიდებულებით და ამბობს, რომ ხელისუფლება ჯეროვნად ვერ აფასებს მის ერთგულებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო