აზარტული და მომგებიანი თამაშების გარე რეკლამა, შესაძლოა, დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე საერთოდ აიკრძალოს

აზარტული და მომგებიანი თამაშების გარე რეკლამა, შესაძლოა, დასახლებული პუნქტების ტერიტორიაზე საერთოდ აიკრძალოს და პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით დაკორექტირდეს.

დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებული კანონპროექტი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განმარტა, არსებობს მოსაზრება, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების გარე რეკლამა დასახლებულ პუნქტებში საერთოდ აიკრძალოს, რისი გაზიარებაც შეიძლება მოხდეს.

გოგიჩაიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ინიცირებული კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანების შემცირებას და ამით გამოწვეული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას. დეპუტატის თქმით, ასევე შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება.

გოგიჩაიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები შეთანხმებულია მთავრობასთან, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან და ასევე, ეროვნულ ბანკთან.

“პალიტრა მედიამ“, რომელიც ერთ-ერთი დიდი და ძალიან ავტორიტეტული ჰოლდინგია, საერთოდ მოხსნება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირება. მათ კანონის გარეშე თქვეს უარი და გამოიჩინეს ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა. თვითონ შეიზღუდეს საკუთარი თავი, როცა „პალიტრა მედიის“ ელეტრონული პროდუქტი არის ყველაზე მოთხოვნადი საქართველოში. მათ საკუთარი ნებით თქვენს უარი იმის გამო, რომ ამ პრობლემებს გრძნობენ“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში. ასევე იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში, დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის/ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშობის წამახალისებელი რეკლამისა.

კანონპროექტით დგინდება, რომ აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისათვის 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით, ყოველ 1 თვეში.

გარდა ამისა, იკრძალება ქართული საგადახდო ბარათებით უცხოურ აზარტულ და მომგებიან თამაშებზე ონლაინ გადახდების განხორციელება.

საკანონმდებლო ცვლილებების ავტორი და ინიციატორი არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო