ზვიად ძიძიგური - „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი 2“-ის მეშვეობით  აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

რაზეა საუბარი, რა შეიარაღებულ ფორმირებებზე საუბრობს სუბელიანი და როგორ შეიძლება ამაზე ასეთი „კრიახის“ ატეხვა, როგორიც ატეხა „რუსთავი 2“-მა, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა სავარაუდოდ, მირზა სუბელიანის მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 50- კაციანი შეიარაღებული ფორმირება ნემსი არ არის, რომ სადმე დაიმალოს.

„ვინმეს უნახავს საქართველოში შეიარაღებული ფორმირება ბოლო 6 წლის განმავლობაში, რომელსაც ფორმალური ხასიათი არ აქვს? უნახავს, რომ ვიღაც ლიდერები არიან, რომელსაც შეარაღებული ადამიანები ჰყავთ და რომლებიც ვინმეს, ან ბიზნესს ან კონკრეტულ პერსონებს, ან პოლიტიკურ ლიდერებს ან ვინმეს ატერორებს? ეს ხომ თითიდან გამოწოვილი ამბავია?!

ერთი რამ მინდა გითხრათ, 28 ოქტომბრამდე „რუსთავი 2“ ეცდება ასეთი ტიპის რეჟიმი შეინარჩუნოს და ეს არის მათი მცდელობა გამოიწვიონ ქვეყანაში რაღაც დესტაბილიზაცია, მოსახლეობაში გააჩინონ აზრი, რომ ქვეყანაში თითქოს რაღაც რიგზე არ არის. მე საარჩევნო შეხვედრების ფორმატში მიწევს მოსახლეობასთან ძალიან ხშირი შეხვედრა: არავითარი გავლენა მოსახლეობაზე ამ სპექტაკლებს, რომლებსაც „რუსთავი 2“ დგამს, არა აქვს. თვითონ თავისთვის ერთობიან: თითიდან გამოწოვილ ამბებს იგონებენ და ერთმანეთს აჯერებენ, რომ ქვეყანაში არის რაღაცა დიდი დაძაბულობა.

ხელისუფლებამ ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს, როგორც კანონშია გაწერილი, პროკურატურამ თავისი სათქმელი უნდა თქვას, პარლამენტმა და მთავრობამ - თავისი. უნდა გითხრათ, რომ არაფერი რაიმე განსაკუთრებული არ ხდება: პროცესი მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, ძალიან ნორმალურ რეჟიმში. ეს არის ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია, თუ არ ჩავთვლით იმ „შავი პიარის“ უპრეცედენტო მასშტაბებს, რასაც მან მიაღწია „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით“, - განაცხადა ძიძიგურმა.