სალომე სამადაშვილი - მირზა სუბელიანსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კავშირის სცენარი ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო, რომელმაც ნიკა მელიას მიაძახა: „თქვენი სუბელიანიო“

როგორც ჩანს, ხელისუფლებას გაწერილი სცენარი აქვს, როგორ ჩააქროს ხანძარი, რომელიც ჩანაწერების გავრცელებასთან ერთად აალდა,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით სამადაშვილი გამოეხმაურა პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ფულის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მას „საჩვენო“ ინფორმაციებს სთხოვდა.

სამადაშვილის თქმით, სუბელიანსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ვითომდა რაიმე კავშირის სცენარი გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით დაიწყო, რომელმაც ნიკა მელიას მიაძახა: „თქვენი სუბელიანიო“.

„ეს სცენარი დაიწყო იმ განცხადებით, რომელიც ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე გააკეთა. მან ნიკა მელიას მიაძახა: „თქვენი სუბელიანიო“. ასე რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას გაწერილი სცენარი აქვს, როგორ ჩააქროს ხანძარი, რომელიც აალდა ჩანაწერების გავრცელებასთან ერთად. ცდილობენ, რომ საზოგადოებას თავისი ვერსია მოახვიონ. ყველა მოქალაქის თვალში იმდენად დისკრედიტირებულია დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები, საგამოძიებო ორგანოები, სასამართლო და ყველა სხვა ინსტიტუტი, ვისაც ასეთ შემთხვევაში უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოება, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფო ჩამოგვეშალა და თავზე დაგვემხო.

არანაირი სურვილი და მზაობა არ არსებობს ხელისუფლების მხრიდან, რომ რეალურად იქნას შესწავლილი ამ საქმის დეტალები. ხელისუფლება აქტიურად ცდილობს, რომ საზოგადოება დააბნიოს, გაავრცელოს რაღაცა გაურკვეველი ვერსიები. გუშინ მოვისმინეთ, რომ ეჭვქვეშ დადგა ის ჩანაწერები, რომელიც მანამდე გამოქვეყნდა. დღეს ახლა რაღაც ახალი ჩანაწერები გავრცელდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებას კრიზისი აქვს და ყოველდღე ახალ გზას იგონებენ, როგორ შეიძლება, რომ თავი დაიძვრინონ პასუხების გაცემისგან იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში არსებობს,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიზანია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაურკვევლობა შექმნას, რათა საზოგადოებამ ტყუილი და მართალი ვეღარ გაარჩიოს.

„მირზა სუბელიანისა და ხელისუფლების ურთიერთობა რომ არაჯანსაღი ამბავია, ეს დავინახეთ. ის ენით აღუწერელი ამბავი, რაც სარალიძის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით მოხდა, უკავშირდება სუბელიანის როლს. დღეს ეს კაცი ზის დღეს საპატიმროში და ვნახე განცხადება, რომ მან თითქოს საფრთხე შეუქმნა საკუთარ სიცოცხლეს. რაღაც სურეალისტურ სცენართან გვაქვს საქმე. სწორედ ამაზე აქვს ხელისუფლებას გათვლა, რომ დააბნიოს ჩვენი მოქალაქეები, შექმნას ამ საქმის გარშემო ნისლი, რომ ტყუილი და მართალი ვეღარავინ ვეღარ გაიგოს. ეს თავის მხრივ ეხმარება ქვეყანაში ნიჰილიზმის შექმნას. ხელისუფლების მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ თქვას, რომ აზრი არ აქვს არჩევნებზე მისვლას და აპათია გამოიწვიოს საზოგადოებაში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღეს მთავარმა პროკურატურამ, მათი განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალა გაასაჯაროვა, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი.

მირზა სუბელიანი გამოქვეყნებულ ახალ ჩანაწერებში აცხადებს, რომ ფულის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობა მას „საჩვენო“ ინფორმაციებს სთხოვდა.

„ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ სარალიძე ამათ აწვებათ... სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ეს ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. შენ ხო იცი რასაც ნიშნავს, ძმაო, ეს?! ისიც ხომ იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული?, - აცხადებს ჩანაწერში სუბელიანი.