„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - ეკა გიგაურს გამოუგზავნეს აგრესიული შეტყობინება, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, პირადი ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ კონკრეტული მოქალაქის მხრიდან მისი აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურისთვის მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 13 ოქტომბერს ეკა გიგაურმა აგრესიული შეტყობინება მიიღო, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, მუქარასაც შეიცავდა. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მუქარის ავტორი იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რითიც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები მოიხსენია.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მუქარის შემცველი შეტყობინებები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ შეტევა წამოიწყეს.

„13 ოქტომბერს კონკრეტული მოქალაქის მხრიდან ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის მისამართით გამოიგზავნა აგრესიული შეტყობინება, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, პირადი ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა. ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი „ფაშიზმის თანამონაწილეებად“ მოიხსენია.

მუქარის შემცველი და ასევე შეურაცხმყოფელი პერსონალური შეტყობინებები სოციალური ქსელის მეშვეობით განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ და ასევე რიგითმა დეპუტატებმა ბოლო კვირებში შეტევა წამოიწყეს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ.

ამ კამპანიის ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის და სამოქალაქო სექტორის სხვა ლიდერების წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და ზოგიერთი მედიის მხრიდან მათი დისკრედიტაციის მიზნით ბოლო დროს გააქტიურებული თავდასხმები, რასაც ორგანიზებული სახე აქვს.

რეპუტაციის შემლახავი ამგვარი შეტევები წლებია ხორციელდება და ჩვენი დაკვირვებით, აქტიურდება მაშინ, როცა სამოქალაქო სექტორი (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი) ხელისუფლების კრიტიკას ამძაფრებს.

ცხადია, ნებისმიერი კრიტიკა დაშვებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა როცა ეს უკვე მუქარის სახეს იძენს, ამ ფაქტს დაუყოვნებლივ რეაგირება ჭირდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა დაიწყოს გამოძიება კონკრეტულ მუქარასთან დაკავშირებით, დანაშაულის ნიშნების არსებობის დადგენის მიზნით. იმედი გვაქვს აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ნებისმიერი თანამშრომელი თავს გრძნობდეს დაცულად საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას,” - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს