ირაკლი კობახიძე - არის დაპირებები, რომელთა შესრულების არავითარი რესურსი მომავალ პრეზიდენტს არ აქვს

არის დაპირებები, რომელთა შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზის გამო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. კობახიძემ წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოპონენტების მიერ წარმართული კამპანია დასავლური საარჩევნო კულტურისგან შორსაა.

"არასრული ორი კვირაა დარჩენილი არჩევნებამდე და გვინდა კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ ინფორმაცია მიმდინარე საარჩევნო პროცესების თაობაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა, ასეთი არჩევნების ჩატარება. ესაა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. 2012 წლის შემდეგ, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში არის უზრუნველყოფილი არჩევნების ასეთ რეჟიმში ჩატარება. ჩვენ აღვკვეთეთ არჩევნების გაყალბების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ეს მიზანი და ამოცანა გვაქვს დასახული ამ საპრეზიდენტო არჩევნების პირობებშიც. ჩვენ შევთავაზეთ ოპონენტებს ევროპული სტილის საარჩევნო კამპანიის ჩატარება. ეს იყო ასევე ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის შეთავაზება. სწორედ ასეთი სახით ტარდება ჩვენი მხრიდან ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია. თუმცა, ოპონენტებისგან პასუხად სხვა რამეს ვიღებთ. მათი პასუხი არის ისეთი კამპანია, რომელიც ძალიან შორსაა ევროპული საარჩევნო კულტურისგან. მე ძალიან მოკლედ მინდა ჩამოვთვალო ის ძირითადი ხარვეზები და დარღვევები, რაც თან სდევს წინასაარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესებს. ესაა ჩვენს მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შეურაცხყოფა სხვადასხვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით, მეორე მნიშვნელოვანი გადაცდომა არის კანდიდატის მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობა, ხაზს ვუსვამ მცდელობას. ეს მცდელობა არაა წარმატებული, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ძალიან ფართოდ არიან ჩართულები ჩვენი საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები. მესამე ხარვეზი არის დესტრუქცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე, რომელიც იმართება ჩვენი კანდიდატის მიერ. ასევე, პოპულისტური და ცრუ დაპირებები, რომლებსაც გასცემენ ოპოზიციური კანდიდატები, მაგალითად პენსიის თაობაზე. არის დაპირებები, რომელთა შესრულების არავითარი რესურსი არ აქვს მომავალ პრეზიდენტს სხვადასხვა მიზეზის გამო. კიდევ ერთი დარღვევა არის, რომ ფიქტიური პარტიების მეშვეობით ხდება უფასო საეთერო დროისა და საბიუჯეტო სახსრების მიტაცება საუბარია მილიონობით ლარზე“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ვიდეო: ირაკლი კობახიძის ბრიფინგი: "რუსთავი 2" აწარმოებს რუსული სტილის ტვინის გამორეცხვის პოლიტიკას

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა