ანა ნაცვლიშვილი - არაერთი ნიშანი ჩანს იმის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების პარალელურად, რაღაც არაფორმალური ჯგუფები ცდილობენ სახელმწიფოს მაგივრად დაალაგონ სიტუაცია კონკრეტული მიმართულებებით

მძიმე ბრალდებები და არაერთი ნიშანი ჩანს იმის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების პარალელურად, რაღაც არაფორმალური ჯგუფები ცდილობენ სახელმწიფოს მაგივრად დაალაგონ სიტუაცია კონკრეტული მიმართულებებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებული ჩანაწერების შეფასებისას აღნიშნა, არსებული ვითარება საკმაოდ მძიმე ნიშნულს მიუახლოვდა.

„ძალიან მწვავე გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო. მძიმე ბრალდებები და არაერთი ნიშანი ჩანს იმის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების პარალელურად, რაღაც არაფორმალური ჯგუფები ცდილობენ სახელმწიფოს მაგივრად დაალაგონ სიტუაცია კონკრეტული მიმართულებებით. ეს არის ძალიან დიდი რისკი, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას. ამის საპასუხოდ ვერ ვხედავთ ადეკვატურ რეაქციას იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც ქვეყნის მართვაზე აქვთ აღებული პასუხისმგებლობა. სწორედ ამ საკითხის გამო მიმართავს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს, რომ მოიწვიოს მთავრობის სხდომა. ძალიან შემაშფოთებელია, რომ ყოველდღიურად იზრდება უფსკრული იმ აღქმას შორის, რომელიც ქვეყნის ვითარებაზე აქვთ მოქალაქეებს და ხელისუფლებას“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.