ჩვენ გადავამოწმეთ და მირზა სუბელიანი ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში უკვე ჩართო, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, სუბელიანი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, თუმცა როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში განუმარტეს, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რომ მომავალში სუიციდის მცდელობა თავიდან იყოს აცილებული.
ომბუდსმენის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი. „დავუსვი მას კითხვები, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმის შესახებ, რომ ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.