დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი კომპანიები სურსათის ეტიკეტირებისა და იმპორტის რეგულირების ახლებურ წესებს გაეცნენ

სურსათის ეტიკეტირებისა და პროდუქტის იმპორტის წესებში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრმა კომპანიებმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე ინფორმაცია მიიღეს.

დამსაქმებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კერძო სექტორთან იმსჯელეს სურსათის ეტიკეტირების, საკვებდანამატებისა და იმპორტის რეგულირების წესებში დაგეგმილი იმ ცვლილებებისა და ახალი ვალდებულებების შესახებ, რომლებიც 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ბიზნეს ოპერატორებს დაეკისრებათ. ახალი რეგულაციები ბიზნეს ოპერატორებისთვის გარკვეულ შემთხვევებში ფულად სანქციებსაც მოიცავს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციების დაწესება ევროკავშირის მოთხოვნების საფუძველზე გახდა აუცილებელი. „ახალი რეგულაციების მიხედვით დეტალების დონეზე იქნება განმარტებული სურსათის წარმომავლობა, მწარმოებელი, მახასიათებლები, ინგრედიენტები, ნებისმიერი ტიპის საკვები დანამატი, ვარგისიანობის ვადების ახლებური ვადები და ა.შ. საუბარია იმაზე, რომ მომხმარებელს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდოს სურსათისა და მისი ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესახებ“, - აცხადებს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსი კახა სოხაძე.

ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ დაგეგმილი რეგულაციების ამოქმედება მათ საქმიანობაში გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს. „კომპანიებს ახლა უკვე შემჭიდროებულ ვადებში მოუწევთ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ზოგიერთი პროდუქტი, რომელიც ამჟამად უკვე სარეალიზაციოდაა გაშვებული, კანონის ამოქმედების პერიოდისთვის ვარგისიანობის შემთხვევაში მისი ამოღება სავაჭრო ობიექტებიდან და ეტიკეტების გადასწორება გახდება საჭირო. ვიმედოვნებთ, რომ მსგავს შემთხვევებში სახელმწიფოსგან გარკვეული გონივრული ვადები იქნება დაწესებული ხარვეზების გამოსასწორებლად“, - აცხადებს საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

შეხვედრა საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა და მას 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს ოპერატორებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კომპეტენტური პასუხები მიიღეს.

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ბიზნეს ოპერატორების მოთხოვნისა საფუძველზე უახლოეს მომავალში გეგმავს მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზებას ცალკეული ბიზნეს სექტორების მიხედვით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა