ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია დასრულდა

სასტუმრო „ბილტმორში“ დღეს გამართულ ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა მე-15 საიუბილეო კონფერენცია - მინისტერიალზე „თბილისის დეკლარაცია“ მიიღეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, დეკლარაცია სპორტის შესახებ ადამიანის უფლებებზე საერთაშორისო დოკუმენტია და საქართველოს ინიციატივითა, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით შემუშავდა. იგი მოუწოდებს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, გააძლიერონ ძალისხმევა სპორტის სფეროში ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვაზე. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალის ფარგლებში ამ ტიპის დეკლარაცია პირველად იქნა მიღებული.

სამინისტროს განცხადებით, კონფერენციაზე მონაწილეებმა იმსჯელეს სპორტში კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტულ ასპექტებზე და დაამტკიცეს ორი რეზოლუცია - სპორტის სფეროში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ზომების გაძლიერება და ადამიანის უფლებათა, ვალდებულებები და საერთო პასუხისმგებლობა.

კონფერენციის დასასრულს შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, რომელმაც ევროპის საბჭოს მაღალჩინოსნებს მადლობა გადაუხადა კონფერენციის თბილისში ჩატარებისთვის. მანვე, მადლობა გადაუხადა კონფრენციის თითოეულ მონაწილეს.

ღონისძიება ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. მინისტერიალის ფარგლებში თბილისს სტუმრობენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები (სპორტის მინისტრები, მინისტრის მოადგილეები) საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები. მინისტერიალი ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მისი მიზანი საერთო ევროპული თანამშრომლობისთვის ახალი ბიძგის მიცემა და სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე რეაგირებაა. მინისტერიალის დასრულების შემდეგ, 17-18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის ქვეკომიტეტის სხდომას, რომელზედაც განხილული იქნება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების როლი სპორტში თანამედროვე გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. „ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი - 2018“ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო