გაერო-ს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს

გაერო-ს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტო მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გაერო-ს მოსახლეობის ფონდიდან აცნობეს, UNFPA-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, არჩევანის შესაძლებლობა, თუ რამდენი შვილი იყოლიო და როდის, ხელს უწყობს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

„მცირერიცხოვანი ოჯახის ყოლის გლობალური ტენდენცია ასახავს ადამიანების რეპროდუქციულ არჩევანს - ჰყავდეთ იმდენი შვილი, რამდენიც სურთ, და მაშინ, როცა სურთ. არჩევანის საშუალების არქონამ შეიძლება ხანგრძლივი გავლენა იქონიოს შობადობის მაჩვენებელზე, ასეთ დროს, შობადობის მაჩვენებელი ხშირად უფრო მაღალი ან დაბალია, ვიდრე ეს ხალხს სურს“, - ნათქვამია UNFPA-ს - გაერო-ს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტოს 2018 წლის ანგარიშში მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

„ოჯახის სიდიდე მჭიდროდაა დაკავშირებული რეპროდუქციულ უფლებებთან, რაც, თავის მხრივ, ბევრ სხვა უფლებასთანაა გადაჯაჭვული, მათ შორის, ჯანმრთელობის, განათლებისა და დასაქმების უფლებებთან. იქ, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, უმჯობესდება საზოგადოების კეთილდღეობაც. ხოლო იქ, სადაც ეს უფლებები შეზღუდულია, ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებას, შედეგად კი ფერხდება ეკონომიკური და სოციალური პროგრესი,“ - ნახსენებია ანგარიშში, სახელწოდებით "არჩევანის ძალა: რეპროდუქციული უფლებები და დემოგრაფიული ტრანზიცია".

„არჩევანს შეუძლია მსოფლიო შეცვალოს. არჩევანს შეუძლია სწრაფად გააუმჯობესოს ქალთა და გოგონათა კეთილდღეობა, გარდაქმნას ოჯახები და ხელი შეუწყოს გლობალურ განვითარებას", -ამბობს გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ნატალია კანემი ანგარიშთან დაკავშირებით.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდში მიიჩნევენ, რომ მაგალითად, როცა ქალს აქვს ძალა და შესაძლებლობა, თავიდან აირიდოს ან გადადოს ორსულობა, მას უფრო მეტი კონტროლი აქვს საკუთარ ჯანმრთელობაზე, შესაბამისად, შეუძლია გახდეს ანაზღაურებადი შრომითი ძალა, ან დარჩეს შრომით ბაზარზე. ასევე, მოახდინოს საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის სრული რეალიზება.

ანგარიშის მიხედვით, არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია განაცხადოს, რომ მისი ყველა მოქალაქის რეპროდუქციული უფლებები ყოველთვის დაცული და რეალიზებულია. მათივე ინფორმაციით, წყვილების უმეტესობას არ ჰყავს შვილების სასურველი რაოდენობა, რადგან მათ ან არ გააჩნიათ შესაბამისი ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერა, ან შობადობის კონტროლის შესაბამისი საშუალება. ამასთან, მათივე ცნობით, თანამედროვე კონტრაცეფციის საშუალებების დაუკმაყოფილებელი საჭიროება ასობით მილიონ ქალს ართმევს არჩევანის უფლებას ჰყავდეს შედარებით მცირერიცხოვანი ოჯახი.

გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ინფორმაციით, 1994 წლის მოსახლეობისა და განვითარების საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები არსებითად გაუმჯობესდა მთელ მსოფლიოში. მათივე ცნობით, ადამიანებს აქვთ მეტი ინფორმაცია თავიანთი რეპროდუქციული უფლებებისა და არჩევანის შესახებ და, ასევე, უფრო მეტი შესაძლებლობა ამ უფლებების განსახორციელებლად.

„შობადობის შემცირების ისტორიული ცვლილება დაიწყო ადამიანებით, რომლებიც მოითხოვდნენ თავიანთ უფლებას გაეკეთებინათ საკუთარი არჩევანი რეპროდუქციული ცხოვრების შესახებ და ჰყოლოდათ იმდენი შვილი, რამდენიც სურდათ და როცა სურდათ", - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში მოცემულია მსოფლიოს ყველა ქვეყანის კლასიფიკაცია მისი მოსახლეობის შობადობის მიმდინარე დინამიკის მიხედვით. ის ასევე მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს პოლიტიკისა და პროგრამებისთვის, რაც დაეხმარება ქვეყნებს, გააძლიერონ რეპროდუქციული არჩევანის უფლება.

„იმისთვის, რომ არჩევის თავისუფლება იქცეს რეალობად. ქვეყნებმა პრიორიტეტი უნდა მიანიჭონ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, მათ შორის ხელმისაწვდომობას თანამედროვე კონტრაცეფციის საშუალებებზე, უკეთეს განათლებაზე, მათ შორის, ასაკის შესაბამის განათლებაზე ცხოვრების ჯანსაღი წესისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ. ასევე, ადვოკატირება უნდა გაუწიონ მამაკაცების დამოკიდებულების შეცვლას, რათა მათ უფრო მეტად დაუჭირონ მხარი ქალებისა და გოგონების უფლებებსა და მისწრაფებებს; ბავშვთა მოვლის სერვისების ხელმისაწვდომობით, ქვეყნებმა ხელი უნდა შეუწყონ წყვილებს დაიცვან ბალანსი სამსახურსა და ოჯახურ ცხოვრებას შორის და ამ გზით, სურვილის შემთხვევაში, გაუმარტივონ მათ მეტი შვილის ყოლის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

"თითოეული ინდივიდისა და წყვილისთვის რეპროდუქციული უფლებების სრული რეალიზება, განურჩევლად იმისა, თუ სად და როგორ ცხოვრობენ, ან რამდენი აქვთ შემოსავალი - ეს არის წინსვლის გზა. ეს გულისხმობს ყველა ბარიერის დამსხვრევას - იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ ინსტიტუციონალურ სისტემასთან დაკავშირებული, რომელიც თავისუფალ და ინფორმირებულ არჩევანს ზღუდავს,“ - ნათქვამია ნატალია კანემის განცხადებაში.