CNN - საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის სხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს

საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის სხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს, - ამის შესახებ CNN თურქ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება. მისი განცხადებით, ასეთ დასკვნამდე თურქი სამართალდამცველები საუდის არაბეთის საკონსულოში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პოლიციის ექსპერტების ჯგუფმა ანკარაში საუდის არაბეთის საკონსულოში ჩხრეკა გუშინ ჩაატარა. 9-საათიანი ჩხრეკის ფარგლებში ექსპერტებმა საკონსულოს ტერიტორიაზე მდებარე სკვერიდან ნიადაგის სინჯები აიღეს და ულტრაიისფერი გამოსხივების საშუალებით სისხლის კვალი მოძებნეს.

სავარაუდოდ, ჩხრეკა საუდის არაბეთის გენერალური კონსულის რეზიდენციაშიც ჩატარდება.

წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ჰაშქაჯი საკონსულოში საცოლესთან ერთად მივიდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს. შესვლიდან 5 საათის შემდეგ საკონსულოში ჟურნალისტის საცოლეს განუცხადეს, რომ ჰაშქაჯი უკვე წავიდა. ჟურნალისტის ოჯახი და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჯამალ ჰაშქაჯი საუდის არაბეთის საკონსულოშია მოკლული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა