საია და ზურაბ ჯაფარიძე რამდენიმე მუხლის, მათ შორის წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატის ზურაბ ჯაფარიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ რვა მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. ამის შესახებ საიას აღმასრულებელმა დირექტორმა სულხან სალაძემ და “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

აღნიშნული რვა მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას (33-ე); ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის დადების ზოგადი წესს (33-ე); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე 233-ე მუხლი; მტკიცებულებებსა და მტკიცებულებათა შეფასებას (236-ე და 237-ე მუხლები); ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსს (240-ე მუხლი); ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას გამოსაკვლევ გარემოებებს (264-ე მუხლი) და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებულ დადგენილებას (266-ე მუხლი). როგორც „ინტერპრესნიუსს“ საიას იურისტმა ეკა მამრიკიშვილმა განუმარტა, ჩამოთვლილ მუხლებს შორის ის საპროცესო ნორმებიცაა, რომლებიც გულისხმობს თუნდაც წვრილმანი ხულიგნობის, ან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის სასამართლოში განხილვას საპროცესო გარანტიების გარეშე.

საია-ს თავმჯდომარის, სულხან სალაძის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს და მისი გამოყენებით ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებების არამართლზომიერი შეზღუდვა ხდება. მისივე თქმით, აღნიშნული კოდექსი არ იძლევა ისეთ მაღალ სტანდარტებს, რომელიც კონკრეტულ პირებს მისცემდა საშუალებას, რომ მათი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ნაწილში უფრო მეტი და არგუმენტირებული მტკიცებულება წარედგინა სასამართლოსთვის.

„ყველაზე ცუდი და პრობლემური ამ ნაწილში არის სწორედ ის, რომ ის ორი ცნობილი მუხლი, რომელიც ეხება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელთან წინააღმდეგობის გაწევას და ყველაზე ხშირად, მოქალაქეების მიმართ სწორედ ეს ორი მუხლი გამოიყენება, ამ მუხლებთან მიმართებაშიც კი სასამართლოს არ აქვს ისეთი წინაპირობა და გარანტიები, რომელიც ეფუძნება მაღალ სტანდარტს, შეჯიბრობითობის პრინციპის ეფექტურ გამოყენებას, ასევე არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ერთი პოლიციელის ჩვენებაზე, რაც ჩვენ გვინახავს, როდესაც ერთ პოლიციელს დაუკავებია, ოქმი შეუდგენია და მეორე სასამართლო პროცესზე გამოსულა ისე, რომ ვერ აკავშირებს ერთმანეთთან მომხდარ ფაქტებსა და სხვა გარემოებებს, ამიტომაც ამ კოდექსის შეცვლა არის აუცილებელი”,- აღნიშნა სულხან სალაძემ.

აღნიშნულ კოდექსში ცვლილებების შეტანის მოთხოვნასთან დაკავშირებით, “გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ის პოლიციამ ორჯერ უმიზნოდ დააკავა, ერთ შემთხვევაში სასამართლომ 2 000 ლარის გადახდა დააკისრა, ხოლო ათ დღეში განმეორების შემთხვევაში მიუსაჯეს შენიშვნა. ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოში არსებული რეალობის მიხედვით, პოლიციელები სასამართლოში ცრუ ჩვენებებს იძლევიან, რის საფუძველზეც სასამართლო ადამიანებს სჯის.

„მე ვარ ამის ნათელი მაგალითი და ეს რეალობა არის შესაცვლელი. ეს ახლა არ დაწყებულა, მოდის საბჭოთა კავშირიდან, რადგან ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი არის 1984 წელს შექმინილი”,- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, საია მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გულისხმობს თავისი ბუნებით/შინაარსით სისხლისსამართლებრივი სამართალდარღვევების განხილვა/გადაწყვეტას სათანადო საპროცესო გარანტიების (მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების, უტყუარი მტკიცებულებების, უდანაშაულობის პრეზუმციის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის) გარეშე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველსა და მე-5 პუნქტებს და მე-40 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა