მაია ცქიტიშვილი - პრემიერის კომენტარიც მოვისმინეთ პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომ ნებისმიერ სხვა ფორმატში, აუცილებელი არ არის, ეს იყოს მთავრობის სხდომა, ღია ვართ კომუნიკაციისთვის

პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, პრემიერის კომენტარიც მოვისმინე, რომ ნებისმიერ სხვა ფორმატში, აუცილებელი არ არის, რომ ეს იყოს მთავრობის სხდომა, ღია ვართ ნებისმიერი კომუნიკაციისთვის, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას მთავრობის სხდომის მოწვევასა და მასზე დასწრებასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, რატომ არ შეიძლება ეს კომუნიკაცია მთავრობის სხდომაზე შედგეს, მინისტრმა ჟურნალისტებს უპასუხა, რომ უმჯობესია მთავრობის რეგლამენტს გაეცნონ.

„მთავრობის სხდომის ჩატარება რეგულირდება მთავრობის რეგლამენტით და შესაბამისად, მთავრობის რეგლამენტით არ არის გათვალისწინებული მსგავსი პროცედურა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ კომენტარს გააკეთებს. თუმცა, ამასთან ერთად პრემიერ-მინისტრის კომენტარიც მოვისმინე, რომ ნებისმიერ სხვა ფორმატში, არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მთავრობის სხდომა ღია ვართ ნებისმიერი კომუნიკაციისთვის. უნდა გაეცნოთ მთავრობის რეგლამენტს და უფრო მეტს ამოიკითხავთ ამასთან დაკავშირებით,"- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს დილით პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, რომ მოიწვიოს მთავრობის სხდომა, რომელსაც თავად გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. მამუკა ბახტაძემ, ერთი მხრივ, განაცხადა, რომ მზად არის სასაუბროდ, თუმცა მეორე მხრივ, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით განმარტა, რომ „ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და მთავრობის ადმინისტრაცია გაავრცელებს განცხადებას“. თავის მხრივ, მოქმედი კონსტიტუციის 78-ე მუხლის მეექვსე პუნქტში წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები.

კონსტიტუციის ანალოგიურად “მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებში წერია, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილია დაესწროს მთავრობის სხდომას, თუ მოითხოვა ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა. აღნიშნული საკითხის განხილვას აგრეთვე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები. კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი საკითხები მთავრობის პირველივე სხდომაზე არ იქნება გატანილი, ეს პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი შეიძლება გახდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო