პროექტის „კლასიკური მუსიკის  კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კლასიკური მუსიკის ცენტრის მიერ ინიცირეული პროექტის - „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეში“ - პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, „კლასიკური მუსიკის ცენტრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე და ამავე ცენტრის პროგრამების მენეჯერი მაია კოკოჩაშვილი უძღვებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, პროექტი მუზეუმების, ბიბლიოთეკების, გალარეებისა და სხვა ალტერნატიული სივრცეების დარბაზებში კლასიკური მუსიკის კონცერტების ჩატარებას ისახავს მიზნად. როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს ხელს შეუწყობს კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას, მსმენელის რაოდენობის გაზრდასა და ახალგაზრდების დაინტერესებას კლასიკური მუსიკის ჟანრით.

სამინისტროს ცნობით, კონცერტების პირველი ციკლი 18-24 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები. პროექტის ფარგლებში, სულ ოთხი კონცერტი გაიმართება. საკონცერტო სივრცედ საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი შეირჩა.

„18 დეკემბერს ცნობილი ამერიკელი მეცო-სოპრანო ტიფანი აბბანი, თბილისის გოგონათა გუნდის მონაწილეობით, კონცერტების ციკლს ე.წ. საშობაო მუსიკალური პროგრამით გახსნის;

20 დეკემბერს - ტრიო „გაონი“ მიუნჰენიდან კამერული მუსიკის კონცერტს გამართავს;

22 დეკემბერს კი, საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკელი პიანისტი ენდრიუ ტაისონი. ენდრიუ ტაისონი არაერთი საერთაშორისო მუსიკალური ჯილდოსა და კონკურსის ლაურეატია, მათ შორის 2015 წელს ის გეზა ანდას სახელობის (შვეიცარია) პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.

24 დეკემბერს კონცერტი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე, ვენიავსკის სახელობის (ვარშავა) მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ვერიკო ჭუმბურიძე და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ .

პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის პარტნიორობით,“ - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა