გიგი წერეთელი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიგი წერეთელი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებული უსაფრთხოების, მიგრაციის და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს, ასევე ეუთო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერებას. მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

გიგი წერეთელი სიტყვით გამოვიდა თურქეთში გამართულ ევრაზიის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე. ეკონომიკური თანამშრომლობის აუცილებლობასთან ერთად, მან რეგიონში არსებულ უსაფრთხოების პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

„კონფლიქტები ევრაზიის თითქმის ყველა ნაწილში არსებობს. ეუთო-ს პრინციპების დაცვა და საერთაშორისო სამართალი დარღვეულია უკრაინის, საქართველოსა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში. ეს ხელს უშლის ჩვენი სრული ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას გამორჩეული პოტენციალი და ინსტრუმენტები აქვს, რათა დაეხმაროს ქვეყნებს შორის უფრო მეტი თანამშრომლობის პროცესს. ჩვენს მთავრობებს შორის ნდობის ეროზიაა, ეუთო-ს წევრებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ჩვენ უნდა განვაგრძოთ დიალოგის წახალისება და მრავალმხრივი დიპლომატიის გაძლიერება“, - განაცხადა გიგი წერეთელმა ევრაზიის პარლამენტთა სპიკერების შეხვედრაზე. კონფერენციის ფარგლებში გიგი წერეთელმა ორმხრივი შეხვედრები გამართა, სლოვაკეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბელორუსიის პარლამენტის სპიკერებთან.