პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა იმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქვეკომიტეტების გაერთიანებული სხდომის მონაწილეებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა, რომელმაც ღონისძიების საქართველოში გამართვის მნიშვნელობასა და ზოგადად, სპორტის განვითარების საკითხებზე ისაუბრა.

„როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, სახელმწიფო მოხელისთვისა და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს, ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის, და ბავშვთა ქვეკომიტეტის გაერთიანებულ შეხვედრას. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მასპინძლობა იქნება დიდი წარმატების მომტანი ჩვენი საერთო ძალისხმევისთვის - დავიცვათ სპორტის მთლიანობა და ხელი შევუწყოთ სპორტის პოტენციალის სრულად გამოყენებას. ყველანი ვთანხმდებით, რომ სპორტს აქვს უნიკალური პოტენციალი ხელი შეუწყოსადამიანის ჯანმრთელობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებების დაცვას და ზოგადად სტიმული მისცეს საზოგადოების სოციალური და ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე საუბრისას, აღნიშნა რომ „სამი ძირითადი პრინციპის გამოყენების პირობებში, ჩვენ უფრო მალე მივაღწევთ საერთო წარმატებას და ეს სამი პრინციპია - პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა და ძალების კონსოლიდაცია“.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სუბიექტს, ვინც თითო აგურს დებს სპორტული მთლიანობის დაცვის პროცესში.

„მინდა, გამოვიყენეო ეს შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი ქვეკომიტეტების საორგანიზაციო ჯგუფს. განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის სამდივნოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და, რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამეტის აპარატის თანამშრომლებს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაერთიანებული შეხვედრის გახსნით ნაწილზე მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია წარსდგნენ.

შალვა გოგოლაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ევროსაბჭოს მინისტერიალის გაგრძელებაა, რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა და რომლის განსახილველ თემებს სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. „ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს შესაბამის ქმედებებს, რათა აღნიშნული გამოწვევები - ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციული ელემენტები რაც შეიძლება მეტად იქნეს აღმოფხვრილი“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

თამილა ბარკალაიამ თავის გამოსვლაში ბავშვთა უფლებების დაცვის პრობლემატიკის დროულ იდენტიფიცირებაზე და სამინისტროს მხრიდან, შესაბამისი რეფერირების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მსხვერპლი ბავშვისთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სპორტში ჩართულობაა, ამიტომ სპორტი სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობისგან თავისუფალი უნდა იყოს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრაზე ორი დღის განმავლობაში, საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები დახურულ ფორმატში, სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სპორტში ადამიანის უფლებების დაცვის და სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპარლამენტო ქმედებების გაძლიერების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობიან და დისკუსიას გამართავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო