დიმიტრი ლორთქიფანიძე - ირაკლი კობახიძის 14 ოქტომბრის ბრძანება, რითაც ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან ციხეში შევიდა, სამართლებრივი შეფასების საგანი უნდა გახდეს

ირაკლი კობახიძის 14 ოქტომბრის ბრძანება, რომლის საფუძველზეც დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ამავე დღეს, ბრალდებულ მირზა სუბელიანთან წინასწარი დაკავების იზოლატორში შევიდა, სამართლებრივი შეფასების საგანი უნდა გახდეს, - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, რომელიც მეშვიდე მოწვევის პარლამენტში პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის საპარლამენტო ჯგუფის წევრი იყო.

მისი თქმით, ეჭვის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც მირზა სუბელიანთან საპატიმრო დაწესებულებაში ოთხჯერ იყო ნამყოფი, მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა ანონსი სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, კვლავ შედის სუბელიანთან, თან კვირა დღეს. ლორთქიფანიძე ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ როცა ორი დღით ადრე მთავარ პროკურატურაში დაწყებული იყო სისხლის სამართლის წარმოება პენიტენციურ სისტემაში წარმოებულ მოსმენებთან და აუდიოფაილების უკანონო გავრცელებასთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს საუბრის ორი მონაწილე ამ ყველაფრის მიუხედავად ერთმანეთს შეხვდა.

ლორთქიფანიძის განცხადებით, ისმება კითხვა, ხომ არ მოხდა ჯაფარიძის პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლა გარკვეული მიზნით, რათა შემდგომში ყველა მანამდე არსებული ჩანაწერის მნიშვნელობა გადაფარულიყო.

“პირველ რიგში, როგორც უფლებადამცველმა მინდა გავაკეთო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუყონებლივ უნდა შეწყდეს ყველანაირი თავდასხმა მირზა სუბელიანის მისამართით. მას შემდეგ, რაც საკანში ჩანაწერები მოვისმინეთ, მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ სუბელიანს სუიციდის მცდელობა ჰქონდა, ჩვენ ეს გვანიჭებს ვალდებულებას, რომ მთელი ყურადღება სუბელიანის დაცვასა და უსაფრთხოებაზე მივმართოთ. ჩვენ არ ვიცით, რა მდგომარეობაშია ის. არ ვიცით, რა მოხდა 14 ოქტომბერს, როდესაც მას შემდეგ, რაც “რუსთავი2“-ის ეთერში გავიდა ანონსი სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მოულოდნელად, კვირა დღეს მეხუთედ გამოიცა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბრძანება, რომლის საფუძველზეც დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან მეხუთედ შევიდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვიქტორ ჯაფარიძე არ არის არც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და არც ადამიანის უფლება დაცვის კომიტეტის წარმომადგენელი, რომელთა წევრებსაც პარლამენტის რეგლამენტით, პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და პატიმრის მონახულების პრიორიტეტი აქვთ მინიჭებული. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების პარლამენტის ნებისმიერ წევრზე დელეგირების შესაძლებლობა, მაგრამ როგორ მოხდა, რომ ეს პარლამენტის წევრი აღმოჩნა პირი, რომელიც უკვე მეხუთედ შედიოდა აღნიშნულ დაწესებულებაში, თანაც კვირა დღეს ანუ ექსტემალური და გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში. გარდა ამისა, პარლამენტის რეგლამენტით მე-18 მუხლის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება პარლამენტის წევრის შუამდგომლობის საფუძველზე უნდა გამოიცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე ირაკლი კობახიძე ბრძანებას გამოსცემდა, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მისთვის წერილობით უნდა მიემართა. საინტერესოა, როგორ გაირა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებამ საქმისწარმოების პროცედურა. ეს ის საკითხებია, რომელიც სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს - პირველ რიგში, მირზა სუბელიანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ეს პიროვნება არის პატიმარი და არ ვიცით, ის არის თუ არა რაღაც სიტუაციის მძევალი და ხორციელდება თუ არა მასზე რაღაცა ტიპის ფსიქოლოგიური ზეწოლა. ის, რაც ჩვენ გავრცელებულ ჩანაწერებში მოვისმინეთ, რომ სუბელიანი აპირებდა უმნიშვნელოვანესი შინაარსის დოკუმენტაციის გასაჯაროებას, რომელიც მთავარ პროკურატურაში წლების განმავლობაში წარმოებულ კონკრეტული საქმეების ეხებოდა, ჩვენ გვაძლევს ვალდებულებას, რომ მისი ინტერესების ძალიან მაღალ დონეზე დაცვა განხორციელდეს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“