„ნაცმოძრაობის“ ინფორმაციით,  სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გორის მერის იმპიჩმენტის საკითხს კვლავ დააყენებენ

გორის რაიონულმა სასამართლომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლე დავით პაპუაშვილმა საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის საფუძველზეც საკრებულომ გორის მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის საკითხის განხილვაზე უარი თქვა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მუნიციპალიტეტის მერის იმპიჩმენტის მოთხოვნით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართეს. ფრაქციის თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა აცხადებს, რომ კონსტანტინე თავზარაშვილი მერის პოსტზე არჩევის შემდგომ, რამდენიმე თვის განმავლობაში, შპს ,,მარინის“ დირექტორის თანამდებობას იკავებდა და კანონს არღვევდა, პარალელურად, კომპანიასთან თანამშრომლობაზე არც დეკლარაციაში აღნიშნა. სასამართლომდე, იმპიჩმენტის მოთხოვნით ფრაქცია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას მიმართა, თუმცა, საკითხმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა და შესაბამისად, საკრებულოზე განსახილველად ეს საკითხი არ გაუტანიათ.

„სასამართლომ ჩვენი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ამ პოსტზე არჩევის პარალელურად, რამდენიმე თვის განმავლობაში იკავებდა შპს. ,,მარინის“ დირექტორის თანამდებობას, კანონს არღვევდა. შესაბამისად, მისი იმპიჩმენტის საკითხს კვლავ ვაყენებთ და ახლა უკვე სასამართლოს გადაწყვეტილების თანხლებით. სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია ვალდებულია, ახალი დასკვნა დადოს“, - აცხადებს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ბექა ქორჩილავა.

მოსარჩელე მხარის ამ პოზიციას არ ეთანხმება გორის მუნიციპალიტეტის მერის ადვოკატი.

,,რაც შეეხება ჩემს პოზიციას, სასამართლოსგან ვითხოვდი, რომ ამ საქმის განხილვა შეწყვეტილიყო. ამის მიზეზი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისია არ გახლავთ უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც ამ საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო. მოგეხსენებათ, პრემიერთან მოქმედებს საჯარო სამსახურის ბიურო, რომელიც მსგავს საკითხებზე აწარმოებს მოკვლევას და იღებს შესაბამის განკარგულებას. აღნიშნულ საწარმოს წლებია ბრუნვა არ ჰქონია, ფაქტობრივად, უფუნქციოდ იყო. ჩვენ წარვადგინეთ საგადასახადო სისტემის მონაცემები ამ შპს-ს შესახებ 2010 წლიდან (ანუ, იმ პერიოდიდან, რაც მოქმედებს ელექტრონული სისტემა) კანონის არსებითი დარღვევა ნამდვილად არ იკვეთება. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიას დაევალა საკითხის კანონით დადგენილი წესით განხილვა, რის საფუძველზეც, ვფიქრობ, შესაბამისი კომისია კიდევ ერთხელ იტყვის უარს ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვაზე“, - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილის ადვოკატი ზაზა მათოშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა