ადვოკატი - გიორგი მერებაშვილს იჭერენ და სააკაშვილს, ვისი ორგანიზებითაც ჩაიდინა დანაშაული, არ აქვს ბრალი წარდგენილი, სადაა ლოგიკა?

გიორგი მერებაშვილს იჭერენ და მიხეილ სააკაშვილს, ვისი ორგანიზებითაც ჩაიდინა ეს დანაშაული, არ აქვს ბრალი წარდგენილი, სადაა ლოგიკა? - ამის შესახებ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ გიორგი მერაბაშვილის ადვოკატმა კახა ხვისტანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საქმეზე გიორგი მერაბაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ადვოკატი იმასაც აცხადებს, რომ ის ვერ ხედავს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას, რადგანაც პროკურატურაში მიმდინარე სხვადასხვა გამძოების ფარგლებში ის არაერთხელ დაკითხულა და გამოძიებას არასდროს დამალვია.

„მე გიორგი მერებაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავ. არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი იქნებოდა გიორგი მერაბაშვილის პასუხისგებაში მისაცემად. საგანგაშოა. მერაბაშვილს იჭერენ და მიშა სააკაშვილს, ვისი ორგანიზებითაც ჩაიდინა ეს დანაშაული, არ აქვს ბრალი წარდგენილი. მე კი არ ვიძახი, რომ მასაც წარუდგინონ ბრალი, თუმცა სადაა ლოგიკა, ორგანიზატორს არ აძლევენ პასუხისგებაში და შემსრულებელს აძლევენ“, - განაცხადა კახა ხვისტანმა.

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულ გიორგი მერებაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურის მიერ გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი, - ამის შესახებ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერაბაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ქარდავას და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროსს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.