ხათუნა თოთლაძემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ახლად დანიშნულ წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახლადდანიშნულ წარმომადგენელთან, ღასან ხალილთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას, ღასან ხალილმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გადასცა რწმუნების წერილი და ისაუბრა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

მათივე ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძემ წარმატებები უსურვა საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის ოფისის ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის მიერ უკანასკნელ წლებში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ.

ღასან ხალილი მიესალმა ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.

ამასთან, ხათუნა თოთლაძემ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოფისის ხელმძღვანელს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვებზე, ადამიანის უფლებათა სხვა უხეშ დარღვევებზე. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და აღინიშნა მშობლიურ ენაზე დაფუძნებული მრავალენოვანი განათლების შესახებ UNICEF-ის პროექტის მნიშვნელობა.

აქვე, ხათუნა თოთლაძემ ღასან ხალილს გააცნო სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომლის ერთ-ერთი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობა და ხარისხიან განათლებაზე წვდომა.

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის საქმიანობის მხარდაჭერა. თავის მხრივ, ღასან ხალილმა გამოთქვა მზადყოფნა ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა