თბილისში ფესტივალი „მცირე მარნები დიდ ასპარეზზე" გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა თბილისში, მთაწმინდის პარკში, ღვინის ფესტივალი "მცირე მარნები დიდ ასპარეზზე" გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე-2018“-ის ფარგლებში გაიმართა და მისი ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.

ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ საშუალო და მცირე საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობაა.

„წარმატებული რთველის შემდეგ ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე-2018“ აღინიშნა, რომელიც დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებით, რაც კიდევ ერთი გზავნილია, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. მისასალმებელია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო ღვინის მარნები ვითარდება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ოფიციალურად 800-მდე ღვინის მწარმოებელია, მათ შორის, ბევრია საოჯახო მარანი, რაც არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. მცირე მარნები ვითარდება არა მარტო კახეთში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ამ ფესტივალზე თვალსაჩინოა“, - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, ფესტივალი „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“ 2016 წელს პირველად ჩატარდა და საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია, რაზეც როგორც წლევანდელი მონაწილე მარნების, ისე სტუმრების გაზრდილი რაოდენობა მიუთითებდა. ფესტივალში მონაწილეობდა 40-მდე მარანი.

„ქართული ღვინის დღე“ პირველად 2014 წელს აღინიშნა. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, 2016 წელს გადაწყდა, რომ „ქართული ღვინის დღე“ კვირეულის სახეს მიიღებდა, 2018 წელს კი, ქართული ღვინის დღეები უფრო ფართოდ აღინიშნება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 5-დან 21 ოქტომბრამდე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ქართული ღვინის დღეები „ღვინობისთვე 2018“ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს