აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა დაიწყო

აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა ოფიციალურად დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თელავის მე-20 კადრირებული ბრიგადის ბაზაზე პროგრამაში მონაწილე რეზერვისტებმა დღეს სამხედრო ფიცი დადეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ რეზერვისტებს აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამის დაწყება პირადად მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართვისას ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში აქტიური რეზერვის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„დღეს ჩვენ ვიწყებთ პროგრამას, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის გასაძლიერებლად,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურ რეზერვში ჩარიცხული მოქალაქეები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. თავდაცვის მინისტრმა უშუალოდ დაათვალიერე და შეაფასა გარემონტებული ინფრასტრუქტურა, სადაც რეზერვისტები იმსახურებენ.

დღესვე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს „მედლები სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის“ გადასცეს. ასევე, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ეროვნული გვარდიის უფროსის ბრძანებით ეროვნული გვარდიის აღმშენებლობისა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის „ღირსეული გვარდიელის“ სამკერდე ნიშნით სამი სამხედრო მოსამსახურე დაჯილდოვდა.

ამასთან, განსაკუთრებული წვლილისთვის სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები სხვადასხვა სინჯის მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ მხარდაჭერისათვის თავდაცვის მინისტრს ღირსეული გვარდიელის სამკერდე ნიშანი გადასცეს.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა