საქართველოსა და უკრაინის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილ ბოდნარი.

კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და უკრაინის შორის არსებული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების ფართე სპექტრი. ხაზი გაესვა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც ეფუძნება ქართველი და უკრაინელი ხალხის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და საერთო მისწრაფებებს.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო ურთიერთმხარდაჭერა.

ორმხრივი თანამშრომლობის განხილვისას, დადებითი შეფასება მიეცა პოლიტიკურ დონეზე არსებულ ურთიერთობებს. კმაყოფილებით აღინიშნა ვიზიტების აქტიური დინამიკა როგორც უმაღლეს დონეზე, ასევე საპარლამენტო, დარგობრივი და უწყებების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განვითარების პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ არსებობს საკმაოდ დიდი აუთვისებელი პოტენციალი, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. მხარეებმა დეტალურად განიხილეს აზიიდან ევროპაში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების გავლით სატრანსპორტო დერეფნების ოპერირების გზები. ხაზი გაესვა შავი ზღვის რესურსის სრულფასოვნად გამოყენების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მომდევნო სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება თბილისში, კარგი შესაძლებლობა იქნება აღნიშნული საკითხების დეტალურად განხილვასა და სამოქმედო გეგმის დასახვისთვის.

კონსულტაციებისას, განხილულ იქნა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში - გაერო, ეუთო, სუამი - თანამშრომლობის დღის წესრიგი და ხაზი გაესვა აღნიშნული ორგანიზაციების ფარგლებში ერთობლივი პოზიციონირების მნიშვნელობას, საქართველოსა და უკრაინის წინაშე მდგარი გამოწვევების საერთაშორისო ასპარეზზე უკეთ წარმოჩენის მიზნით.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ურთიერთობებს. ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის და ასოცირებული წევრების მიერ ევროკავშირის შიგნით ერთობლივი პოზიციების ლობირების მნიშვნელობას.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა უკრაინელ კოლეგას დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული ვითარება, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თავის მხრივ, ისაუბრა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემები.

კონსულტაციების დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც თანამშრომლობის აქტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს