არ შეიძლება კანაფის ლეგალიზაცია, ამიტომ მე ვიქნები იმ საინფორმაციო კამპანიის სათავეში, რომელიც სკოლებში უნდა ჩავატაროთ, რათა ახალგაზრდებს გავაგებინოთ, რომ ამაში არანაირი პერსპექტივა არ არის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
იგი „დედაენის ბაღში“ „კანაფის ლეგალიზების ფესტივალის“ ჩატარების საკითხსაც გამოეხმაურა.
„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმის, რაც დღეს ხდება, ჩვენს ერთ-ერთ უბანში იმართება კანაბისის ფესტივალი. ეს არ არის ქვეყნისთვის და მისი ახალგაზრდებისთვის ჯანმრთელი მომავალი. არ შეიძლება კანაფის ლეგალიზაცია. ამიტომ მე ვიქნები იმ საინფორმაციო კამპანიის სათავეში, რომელიც სკოლებში უნდა ჩავატაროთ, რათა ახალგაზრდებს გავაგებინოთ, რომ ამაში არანაირი პერსპექტივა არ არის. აქ დასჯაზე კი არ არის საუბარი, მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ამაში მომავალი არ არის. პერსპექტივა არის სხვა, არის ევროპა, რომელსაც შემოვიყვანთ ამ ახალგაზრდებისთვის. ჩვენ მხოლოდ ევროპაში შესვლა არ გვინდა. გვინდა, რომ ამავე დროს ის ევროპა აქ შემოვიდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.